მეუბნება :
- თაკო გცალია? (გამიხარდა, გაიაზრა, რომ შეიძლება ცუდ დროს მირეკავდეს).
- კი გიო. რა ხდება?
მკითხულობს , როგორც ვიცით ხოლმე მოკითხვები ადამიანებმა. ჰოდა მთავარი სათქმელიც, ზარის მიზეზი რომ იყო, სიტყვებს ამოაყოლა:
- კი გიო, მოვიფიქრებ დღეს და გეტყვი.
- კარგი თაკო. სად წავიდეთ თაკო?
- გიო, სადაც შენ მეტყვი იქ. ფოტოებს გაჩვენებ და რომელსაც აარჩევ, იქ წავიდეთ.ოქეი?
- ოქეი (ჩვენებურადვე მიბრუნებს პასუხს).
შაბათს, მორიგეობადასრულებულმა გავუარე და ძველი თბილისის დასათვალიერებლად ერთად წავედით.
დამოუკიდებლობას ახლადშეგუებულს, სხვისი დამოუკიდებლობაც უკვირს. გაოცებული მეკითხვება: „თაკო, ამ ბავშვს მაღაზიაში მარტო უშვებენ“? - კი, გიო, უშვებენ. როცა ახლა სწავლობ, როგორია როცა გენდობიან, ჯერ კიდევ გაოცებს მსგავსი შემთხვევები.
როცა „ხელი ხელის“ პირველ სახლში გადმოვიდა, გიოს ეზოში გამოსვლაც კი უჭირდა. ასისტენტების მხარდაჭერით დღეს ცდილობს სახლის კი არა - ქალაქის საზღვრებს გაცდეს. არავინ იცის, რა გამოცდილებებმა მიიყვანა აქამდე, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცით, მისი გამოცდილებები მაქსიმალურად დადებითი იქნება და გადადგმული ნაბიჯებიც, მხოლოდდამხოლოდ, მისი - საკეთილდღეო.
მის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯები კი აუცილებლად გულისხმობს მის ჯერ მონაწილეობას, მერე კი სრული პასუხისმგებლობის აღებას ნებისმიერ ქმედებაში, რომელიც მას უკავშირდება.
ჰოდა, გადავდგით ჩვენ, ერთად, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი. და ბიჭს, რომელსაც სახლიდან გასვლა არ უნდოდა, „შორს წასვლა “ მოუნდა. სიახლე უნდოდა. დასაქმებულმა, პენსიაახლადდანიშნულმა დამოუკიდებლობის ახალ საფეხურზე გადასვლა გადაწყვიტა და ეს საფეხური ერთად ავიარეთ.
- თაკო, შორს წავიდეთ რა.
- გიო, შორს წასვლაში რას გულისხმობ?
- აი, მეტროსთან რომ მაღაზიებია, იმას რომ გავცდეთ რა, თაკო.
- კარგი გიო. სადაც ჩვენ მივდივართ აქედან ნამდვილად შორსაა.
ჩვენი სეირნობა სწავლის სასიამოვნო გამოცდილებებსაც უკავშირდება. ვიხსენებთ გზაზე გადასვლის წესებს და ვიხსენებთ სახელს იმ ზოლიანი ადგილისას, სადაც გადასვლა დაშვებულია.
- რა ქვია გიო ამას?
- არ მახსოვს რა.
- ზებრა გიო.
- აა, ხო, გამახსენდა.
გზაში ვყვებით ისეთ ამბებს, მეგობრები რომ უზიარებენ ერთმანეთს. მაგრამ არ გვავიწყდება, რომ თან უნდა ვისწავლოთ... რადგან მიზანი ასეთია: მათ უნდა ისწავლონ დამოუკიდებლად სიარული, არამხოლოდ ქალაქის, არამედ ცხოვრების გზაზე. მალე ხელი უნდა გავუშვათ და კმაყოფილებმა ვუყუროთ მათ მყარ, თავდაჯერებულ ნაბიჯებს.
...
- გიო, ჩვენ უნდა ამოვიდეთ მეტრო თავისუფლებაზე.
- მეტრო თავისუფლება (იმეორებს)
... ცოტა ხნის შემდეგ.
- გიო, რომელ მეტროში ამოვდივართ?
- (ფიქრობს) აუ, დამავიწყდა რა.
- ეგ არაფერი, მეც ვერ ვიმახსოვრებ ხანდახან რაღაცეებს. მოდი, მე გეტყვი მეტროს სამ გაჩერებას და შენ მითხარი, რომელი გვაწყობს ჩვენ.
- კარგი. (მპასუხობს მხიარულად. მან იცის, რომ ერთადერთი არაა, ვისაც რაიმე ავიწყდება).
რა თქმა უნდა, წარმატებულად გამოიცნო ჩვენთვის საჭირო გაჩერება. ცოტა ხნის შემდეგ, ისევ, გამეორებულ ჩემს კითხვაზე სწორად მიპასუხა და თავისი თავით კმაყოფილმა ბედნიერად ჩაიღიმა.
ჩვენ, ისევ მივადექით ზოლიან გადასასვლელებს და ერთხმად ვუწოდეთ თავიანთი სახელი. ვათვალიერეთ ქუჩები და ერთადვე ავღფრთოვანდით ფერადი სახლებით. ერთად მოგვეწონა თბილისის აბანოები და ერთად გავიხსენეთ ლეგენდა თბილისზე.
გვერდიგვერდ გავიარეთ ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა და ერთად გადავიარეთ მდინარეზე გადებული ხიდები. ჩვენ ცხოვრებისეულ ხიდებსაც ერთად გავდივართ და მეორე ნაპირზე მყოფ საზოგადოებას ერთად ვაჩვენებთ, რომ ჩვენც მათი ნაწილი ვართ. მათი ღირსეული წარმომადგენლები და რომ ხიდები ჩვენს შორის სულ არ არის საჭირო, რადგან მდინარე - ჩვენი შექმნილი წარმოსახვითი გამყოფია და მათ ერთად დავაშრობთ.
- გიო, კმაყოფილი ხარ? საკმარისად შორს წამოვედით?
- კი, თაკო. საკმარისად შორია.
#ხელიხელს #ასისტენტისდღიური
#თაკოღარიბაძე
No comments:
Post a Comment