Tuesday, June 6, 2017

ფუტკრებს ყურები ეტკინათ - #ასისტენტისდღიური

მთელი კვირა დღე და ორშაბათი, გიორგის შემართებით, აღტაცებული ვიყავი. საფუტკრიდან ერთი წუთით არ მომშორებია, ჩემს ყველა საქმიანობას ინტერესით ადევნებდა თვალს. ყველა დავალებას უნაკლოდ ასრულებდა. მძიმეების აწევას არ მანებებდა: “მე ავწევ შენ არ აწიო”. ბარტყის საკვები სეროფი თვითონ დააწყო. სკებს ბალიშები და ხუფები თვითონვე დაახურა.

ორშაბათ საღამოს საფუტკრეში გიორგის გარეშე ჩუმად ჩავედი. მაინტერესებდა გიორგი რას იზამდა, როცა თუნუქის ხმას გაიგებდა (თუნუქი სკებზე გვაქვს დაფარებული, ფუტკრებს წყალი რომ არ ჩაუვიდეთ). გიორგიმ როგორც კი თუნუქის ხმა გაიგო მაშინვე სკებთან გაჩნდა:

“მეგონა სკებს თავი ქარმა გადახადა”. მომეხმარა, და როცა საქმეს მოვრჩით, თუნუქი რომ დააფარა ზემოდან ქვა დაადო: “ქარი ვერ ახდის და ფუტკრებს არ დამიხოცავს”.

მანამდე კოსტია შემოგვიერთდა საფუტკრეში. ხმამაღლა ლაპარაკობდა. (მე გიორგის ყოველთვის ვაფრთხილებ: როცა სკა ღიაა საფუტკრეში ლაპარაკი არ შეიძლება. არ მოსწონთ ფუტკრებს ხმაური). გიორგიმ კოსტიას უჩურჩულა: “კოსტია ნუ ლაპარაკობ ფუტკრებს ყურები ეტკინათ შენი ხმაურით”.

მე მიხარია ეს ყველაფერი და მინდა ჩემი სიხარული თქვენც გაგიზიაროთ. გიორგი კიდევ უფრო მეტს აუცილებლად ისწავლის.

(ახლა გიორგი გურჯაანში, "ხელი ხელს" მცირე საოჯახო ტიპის გარემოში ცხოვრობს. ჩვენთან მოხვედრამდე ის აღარც ლაპარაკობდა... ნელ-ნელა გიორგი ალაპარაკდა, ამღერდა და მზრუნველობაც დაიწყო)
#ხელიხელს #ასისტენტისდღიური

თამარ წიკლაური

ფოტო - მახო ღუღუნიშვილი


No comments:

Post a Comment