Thursday, June 1, 2017

#ასისტენტისდღიური - გამოცილებები სახლიდან სახლში



კარგი შეგრძნება ყოფილა, როცა ნამდვილად გიყვარს ის, რასაც აკეთებ. აი რთული ის გზაა, სანამ ამ ჭეშმარიტებამდე მიხვალ. საინტერესო ამ  სამყაროში ბევრია, თავისი ჩვეულებრივი უცნაურობებითა და თვალსშეჩვეული სასწაულებით, თუმცა ჩვენი ადგილი კონკრეტულ გარემოშია და ეს გარემო თავისთავად გვიზიდავს მისკენ.

ჰოდა, ხომ გახსოვთ შემთხვევითობები, დღეს რომ გავლენა აქვს ჩემს ცხოვრებაზე, აი ერთ-ერთი შედეგიც:




2 იანვარი პირველი სამუშაო 24 საათი იყო. 24 საათი, რომელიც სავსე იყო შინაგანი ღელვებით, რადგან პირველად მიწევდა ახალგაცნობილ, სამ ყმაწვილთან ერთად სახლში ერთი დღით ცხოვრება. ეს მათი სახლია, რომელშიც უკვე 2 წელია ცხოვრობენ.

ალბათ, ისინიც ისევე ღელავდნენ ამ სახლში ცხოვრების პირველ დღეებში (შეიძლება თვეეებშიც), როგორც მე - იმ 24 საათის განმავლობაში. მე, დილით სახლში დავბრუნდებოდი, ჩემგან განსხვავებით კი, საწყის ეტაპზე, მათ ეს კედლები უნდა ექციათ საკუთარ სახლად.

სახლის მცხოვრებლები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში იმაზე მეტად დამოუკიდებლები გამხდარან, ვიდრე ველოდი, მალე ჩემი მეგობრები გახდნენ. უცხო,  სამი ბიჭი, რომლებთანაც, ნიადაგგამომშრალი დიალოგები მქონდა, ახლა ცხოვრებისეულ საკითხებზე  რჩევებს მაძლევენ.

არ ვიცი, შეიძლება ჩემი გაკვირვება ვერაფრით დავმალე, როცა გავიგე რომ სამსახური ქონდათ, სადილის კეთებაში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი და მათი სახლის სისუფთავეც მათ ხელებზე იყო დამოკიდებული... რა გასაკვირია, მეც ხომ ამ სტერეოტიპებით სავსე საზოგადოების ნაწილი ვარ.

ნელ-ნელა ერთმანეთი მივიღეთ, გავიცანით და დავმეგობრდით. ისინი ყველაფერს ამჩნევენ, აკვირდებიან, გვსწავლობენ... არ გამორჩებათ ერთი ტონით გამუქებული თმა და ახალნაყიდი ბეჭედი თითზე... არც კომპლიმენტებს იშურებენ და არც ყავას დილით, სანამ  გამომაცილებენ, სახლიდან - სახლში.

სახლიდან სახლში გამოცილებები არასდროს არის ერთნაირი. ზოგჯერ თბილი ჩახუტებებით გამოიხატება, ზოგჯერ - იუმორნარევი დიალოგებით, ხასიათს გააჩნია და განწყობას.

დიახ, მე ( და არამარტო მე) იქ იმისთვის ვართ, რომ მათ ვასწავლოთ დამოუკიდებლობა, ვასწავლოთ, როგორ იურთიერთონ საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელმაც არ იცის როგორ ეკონტაქტოს მათ. არადა, თუ კი მათ ისევე ვცემთ პატივს, ისევე ავუხსნით საკითხს და ისეთივე გულწრფელები ვიქნებით, როგორც სხვა დანარჩენთან, სასწავლი არც არაფერი იქნება და ბუნებრივად ჩამოყალიბდება ის, რაც ისედაც ბუნებრივად უნდა ყალიბდებოდეს.
ჰო, მე მათი მხარდამჭერი ვარ, რომელიც ასწავლის და რომელიც უამრავს სწავლობს მათგან, უბრალოდ შესაძლებლობა უნდა მისცეთ და თქვენც ისწავლით.

სიტყვები: " ყოველ ადამიანშია მზე, ოღონდ აცადეთ ანათოს" მათი შესაძლებლობების გამოვლენას ზუსტად ერგება. შესაფერისი გარემო ყველასა და ყველაფერს სჭირდება, მათ შორის მზესაც, რომ ანათოს.
მიყვარს მათთან ყოფნა, მიყვარს როცა ვსაუბრობთ, როგორც თანასწორები. მიყვარს, როცა ერთად ვმუშაობთ და ვვითარდებით.
და  კიდევ ერთი "მიყვარს", მიყვარს ეს თბილი გამოცილებები... გამოცილებები სახლიდან - სახლში


 #ხელიხელს
 #ასისტენტისდღიური
 თაკო ღარიბაძე

 #საოჯახოჯობია #დეინსტიტუციონალიზაცია
#Community4all #handinhand

No comments:

Post a Comment