სანამ "მესამეს მოდილიანს" , გაგაცნობთ გავაგრძელებ სათქმელს თვალსშეჩვეული სასწაულებით, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის თითქოსდა, უმნიშვნელო ნაწილია. დავამატებ აღმოჩენებს, რომლის არსებობაც ძალიან გვიკვირს და რომლის შემჩნევაც, ზოგიერთისთვის, სასწაულის ტოლფასია.
თბილისში “ხელი ხელს” მცირე საოჯახო ტიპის მესამე სახლის გახსნას ველოდებოდით... და მოვიდა ჩვენთან ბიჭი. ბიჭი, რომლის მისალმებაც მორიდებული ხელისჩამორთმევით შემოიფარგლა და დაჯდა თავისთვის, ძველი მობილურით ხელში, რომელიც ბევრი ვერაფრით დაგაინტერესებდათ... ცნობისთვის, დღეს მორიდებული ხელისჩამორთმევა მეგობრულ შეხვედრებად იქცა. მისი მობილურიც გაუმჯობესებულია, საკუთარი თანხის განკარგვის უფლებამიღებული,თავისივე პენსიით ნაყიდი და მისი სურვილისამებრ შერჩეული.
ჰოდა, ეს ბიჭი, მორიდებული ზის თავისთვის, შენ კი ამ დროს, გულსა და ტვინში, პარალელურად, ათასი თემა გიტრიალებს. იქნებ რომელიმემ დააინტერესოს, აგყვეს, გაგეცნოს. გაცნობა, ლაპარაკი, ინტერესების გაგება, ურთიერთობა... სათქმელად მარტივია, მაგრამ ასე წყალივით, ისევ წყალი თუ მირაკრაკებს თავის კალაპოტში და, დროდადრო, ისიც ჯიუტდება, უხვევს მისთვის არჩეულ გზებს, ვერ ეტევა, იზრდება.
გავიდა დღეები და დაიწყო იმ სასწაულების აღმოჩენა, ეს ადამიანი რომ ინახავდა თავისთვის.
მისი ნივთები, სავსე რომ იყო წვრილმანი დეტალებით, ინტერესთა სფეროს გასაღები აღმოჩდა. ჩემი წარბები შუბლს ზემოთ დაბანაკდა, როცა ბატონმა პეტრემ მისი შესაძლებლობები სააშკარაოზე გამოიტანა. ბატონ პეტრეს დეტალები უყვარს, რაიმე მთელის ნაწილი, რომელსაც თავად მოუძებნის შესაფერის ადგილს. ასე მოუძებნა ცალკე მყოფ მექანიზმებს ადგილი თავისივე ნაყიდ დინამიკში
(პეტრესეულად "დიმანიკში") და ხმა ამოაღებინა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, როცა მორიდებულ გამარჯობას, უკეთესი გემოსთვის, კეთილგანწყობილი ღიმილიც დავამატეთ ერთმანეთისთვის, აღმოჩნდა რომ ხატვა უყვარს.
ინტერესთა გასაღებების უზარმაზარი პარკიდან ამოიღო სუფთად გადახვეული ფურცელი და გაშალა. ვუყურებ ნახატს.. მეცნობა ძალიან... მინახავს სადღაც.. ის თუ არა, მისი მსგავსი.
ნახატზე გამოსახული პიროვნების სახე და ყელი გრძელია, ცხვირი ვიწრო და ისიც გრძელი... ტუჩებიდან ავყევი მის ნაკვთებს და მივედი თვალებამდე... თვალები არ აქვს.. არც ფერი, არც გუგა, არაფერი. მხოლოდ შავად გაფერადებული ნუშისებრი ჭრილი. შემდეგ სხვა ნახატებიც ვნახე და სტილი ნამდვილად მოდილიანისეულია, პეტრეს დეტალებით.
დავიწყე კითხვები, თუ იცის რაიმე მოდილიანზე, თუ აქვს ნანახი რაიმე სურათი მიისი. არა, არაფერი საერთოდ. ჰოდა, ასე იქცა ბატონი პეტრე ჩვენს მოდილიანად...
ერთი აქტიური დღის დასასრულს, როცა საჭმელი გააკეთა, სახლს ბზინვა დააწყებინა და კუთხეებშიც კი გააქრო მომაბეზრებელი მტვერი, დავჯექით, ხატვაში ვეჯიბრებით ერთმანეთს... ჰოდა, გადაწყვიტა დავეხატე. ძალიან გამიხარდა. უკვე წარმოვიდგინე, ჩემი ოთახის რომელ კედელს დაამშვენებდა პორტრეტი. ვზივარ, მოთმინებით, სუნთქვაშეკრული და მოლოდინით სავსე.. ერთი სული მაქვს პეტრეს თვალით დანახულ ჩემს თავს შევხედო. დაასრულა და მაჩვენა... კმაყოფილმა ჩავიღიმე... მესამეს მოდილიანის ნახატზე მე თვალები მაქვს...
#ასისტენტის დღიური
თაკო ღარიბაძე
No comments:
Post a Comment