ხელი ხელს სტუმრები

მერაბ დუკაშვილი - ტელეწამყვანი და პარასპორტსმენი 
"ხელი ხელს" შესახებ



"დილა... მზის სხივები… მართალია საკმაოდ ციოდა, მაგრამ ღვთისგან ბოძებული სიმწარეც მისაღებია
გამოუძინებელი თვალებით დილაადრიანადვე ვეძგერე ეზოში მეზობლების დატრიალებულ ფუსფუს. ამავე დროს სუფთა ჰაერის ხარბად ჩაყლაპვას შევუდექი.

გზა… კახეთის პეიზაჟი… სუფთა ცა… ვაზის ხეივნები… რთველის დასრულებული, მაგრამ ჯერ კიდევ ორომტრიალის სურნელი... ეს ქართულ რეალობაში ოდითგანვე მშვენიერი იყო. ჯერ კიდევ ძირძველი ისტორიიდან გვახსოვს როგორ გაგვიკაფეს ვაზი. ეს ჩვენთვის ჰაერის შეეწყვიტას გავდა.

აი მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს…
გული გათბა სიცივეში. გურჯაანში იმდენი მომღიმარე სახე დავინახე. ეს საოცრებაა, როცა ხედავ როგორ გეგებება ადამიანი, რომელსაც შენით უხარია… შენ ხარ ამის მიზეზი… თვალებმიმალული წარბებქვეშ და მიწის ერთ წერტილს მიბჯენილი მორიდებული მზერა...

ატყდა ნარდის თამაში, სიცილ-ხარხარი, სიხალისე, ამბის გამიკითხვა, საღამოპირს როცა ფოტო სესიაც მოვითავეთ. მათ შორის იმათაც კი, ვისაც ეს საქმიანობა არ ეპრიანებოდა, სიხალისით იდგა ჩემს გვერდით და პოზიტიურ კბილებდაკრეჭილ ღიმილს ჩუქნიდა ფოტოაპარატს.

თათარას რიგრიგობით ურევდნენ… როგორც შეეძლოთ. მოსარევლით ქვაბში თითო წრეს მაინც არტყავდნენ. თან სიცილს არ იშურებდნენ. რაც ჩემს გულს უფრო სახალისოსა და გასაოცარ მუხტს ჰმატებდა... ჩურჩხელები დავკიდე მე… მე პირველად ამოვავლე ჩურჩხელა… მე ვიყავი ბედნიერი, მზის სხივებმა ალმურად გადაგვირბინეს გაწითლებულ სახეზე და ხასიათიც გაგვიღაჟღაჟეს.
საღამოს მიწურული მწვადების ტკაცატკუცითა და მის გარშემო თითო-ოროლა კახური ღვინით სავსე ზემოთ აწეული ჭიქებით დავასრულეთ.
სუფრაც სამეფო გაიშალა. ნადიმიც ხითხითით გაგრძელდა.
მე ვიყავი ბედნიერი. ძალიან მიხაროდა თითოეული მათგანის სითბო ჩემ მიმართ, მაშინაც კი როცა დაღლილმა ტახტზე ლუარსაბივით გაგორებულმა წავთვლიმე. იმ კედლების მზრუნველმა სუნმა თუ სიმშვიდემ იავნანასავით დამარწია, ისინი ხომ გაჯერებულნი იყვნენ ან ადამიანთა სიკეთით.
კოცნა… გადახვევა… ბედნიერი მგზავრობის სურვილები… “ჩამოდი, ჩამოდით რაა, ისევ გვეწვიეთ, სასიამონო იყო, მადლობა, არ დაგვივიწყოთ”...
აი ასე, მათი სიტყვების ციტირებით დავასრულე ის ულამაზესი დღე. ჩემი მოგზაურობა გურჯაანში შშმ პირებისთვის საოჯახო სცხოვრებელში შედგა. ორგანიზაციას "ხელი ხელს" ქვია.
მადლობა…

მე… მე ისევ მოვალ დიახ, მე ისევ გეწვევით.
მადლობა "





ნათია ჩეხერია - მარკეტინგის მენეჯერი 
"ხელი ხელს" შესახებ


''არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ყოველდღიურობის გადამკიდე ადამიანებს ხშირად გვავიწყება მადლობის გადახდა, ბოდიშის მოხდა და ყურადღების გამოხატვა. თითქოს ყველას ერთად გვეზარება ამის გაკეთება. პათეტიკის გვეშინია..
მე ეს ყველაფერი გურჯაანში, ორგანიზაცია „ხელი ხელს“-ში შემახსენეს. 

ამ საოჯახო ტიპის სახლში უნიჭიერესი ადამიანები დაგხვდებათ. მათი ფანტაზიის წყარო უშრეტია. თამარამ თავისი მოქსოვილი თავსაკეთიც კი გამომატანა, რომელიც არავის არ გაგვიკვირდება თუ ვიტყვით, რომ ძალიან მათბობს



იქ სიმშვიდე, გულწრფელი აღფრთოვანება და სიხარულია.
ეს მზე ადამიანები იქ არიან და გველოდებიან. დიდი იმედით ველოდები დროს, როცა კიდევ ერთხელ ვეწვევი მათ მყუდრო სახლს.

დიდი მადლობა „ხელი ხელს“ მსგავსი ემოციების ჩუქებისთვის! წარმატებებს ვუსურვებ მათ ყველა წამოწყება-გაგრძელებაში! ''





ხატია (ლილი) ალფაიძე - "სუფთა სამყაროს"
პიარმენეჯერი "ხელი ხელს" შესახებ




"არის ასეთი ორგანიზაცია - "ხელი ხელს ", რომელიც შშმ პირებს აერთიანებს. ისინი საოცრად თბილები, ტკბილები და სიყვარულით სავსენი არიან.
მათ უყვართ ჩახუტება. ისინი საუბრობენ და გისმენენ როცა ელაპარაკები, ისინი ქსოვენ, ჭედავენ, ამზადებენ სხვადასხვა სუვენირებს.
ისინი დადებითი ენერგიით გავსებენ. გიმზადებენ საოცარ ყავას, გამარცხებენ ნარდში.
ისინი ელიან ჩვენ, ყველას ელიან და სევდანარევი ღიმილით გაცილებენ დამშვიდობებისას.
მე დღეს ახალი მეგობრები შევიძინე, დიმა, თემო, ციური, ნათია, თამრო, გოჩა. მალე ისევ გინახულებთ, მანამდე ნარდის თამაშში ვივარჯიშებ, რომ დიმას მოვუგო. "





ამ სიკეთის შესახებ ყველამ უნდა გაიგოთ !!


რომელ სიკეთეს უხდება მალვა და ჩუმად კეთება ეს თქვენ გადაწყვიტეთ, მაგრამ ამ სიკეთის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს !!! 
რა არის ,,გაადამიანურებისათვის’’ ყველაზე მნიშვნელოვანი?! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ნორმალურად ცხოვრებისთვის ბევრი რამ გვჭირდება, იქნება ეს უსაფრთხო გარემო, ჯანდაცვა სხვა თუ სხვა. ყველაზე უფრო მეტად ადამიანებს ადამიანები გვჭირდება !! ურთიერთობები, კომუნიკაცია წყალივით საჭიროა, თორემ შეიძლება ერთ დღესაც კაქტუსებს დავემსგავსოთ და ჩვენთან ჩახუტება აღარავის მოუნდეს. ყველას სჭირდება ოჯახი, ოჯახური სითბო და სიტკბო.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ხელი ხელს’’ ძალ–ღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ მოამზადოს რაც შეიძლება მეტი საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, იმ ადამიანებისთვის, რომლთაც ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. ამ კეთილი ადამიანების წყალობით გაიგეს მათ რა იყო ოჯახი, ოჯახური სითბო, სიმშვიდე და კარგად ყოფნა. სამწუხაროა ის, რომ ზოგიერთმა ოჯახისწევრობის გემო თავისი ცხოვრების ორმოცდამუხუთე წელს გაიგო; მაგრამ ამავდროულად სასიხარულოა, რომ ამ ამბავმა უფრო მეტად აღარ დააგვიანა.

თითოეულ ჩვენგანს გულით პატარა მზე დაგვაქვს, რომლითაც ვთბებით და ვათბობთ ერთმანეთს. გურჯაანში, ჩემს ახლადგაცნობილ მეგობრებს კი ეს მზე ახლა აენთოთ გულში. ტკბილმა ოჯახურმა ცხოვრებამ გააწითლა და ააგიზგიზა მათი მზეგულები. თავიანთი სითბოსა და პოზიტივის გასაზიარებლად ისინი ახალ–ახალი სტუმრების მოლოდინში არიან.

მიხარია, რომ არსებობს ორგანიზაცია ,,ხელი ხელს’’. მათი წამოწყებული საქმე ერთი სიტყვით მინდა დავახასიათო – კეთილგონივრული. მგონი, რომ ეს ერთ–ერთი არაჩვეულებრივი ეპითეტი ყველაზე სწორად და ზუსტად აღწერს მათ საქმიანობას. მაბედნიერებს ის ამბავი, რომ ერთად შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ კეთილ ნებას გონივრულად წარმართავენ.

სიკეთე რომ გადამდებია, მე ამის მწამს და მჯერა.

კეთილგონიერებას გისურვებთ !!
დიდი სიყვარულით, თქვენი მე,
ნატუკა მგალობლიშვილი - ილიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა კლუბის წევრი







მარიამ ნანობაშვილი - ბლოგერი 

"ხელი ხელს" შესახებ



''არ მეგონა თუ საოჯახო ტიპის საცხოვრისები ამდენად დადებით შთაბეჭდილებას დატოვებდა. ადამიანები ცხოვრობენ თავისუფლად, ერთ მშვენიერ ოჯახად სადაც ყველა ერთმანეთს ეხმარება და ყურადრებას აქცევს, დიახ ჩვეულებრივ ოჯახად. 
ვერ წარმომიდგენია თუ სხვანაირად შეიძლება ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც მე გურჯაანში ვნახე. ბედნიერებისთვის ამ ოჯახის წევრებს აქვთ შინაგანი თავისუფლება და ახლა სჭირდებათ მხოლოდ ერთი რომ სახელმწიფომ მათზეც იზრუნოს და რომ აღიაროს მათი არსებობა.
ხელი ხელს ძალიან მშვენიერ საქმეს არის შეჭიდებული და ვფიქრობ კიდევ უფრო მეტი და კარგი ამბები იქნება ახლო მომავალში, მათ მიერ განხორციელებული პროექტების გარშემო.

შეზღუდული შესაძლებლობა მხოლოდ სახელმწიფოს აქვს, მისი მოქალაქეები კი იზრდებიან სწავლობენ, იცვლებიან და აღწევენ საკუთარ მიზნებს, განურჩევლად მახასიათებლისა! ''





ელენე მეჩიტოვა - კულტურის მენეჯერი 
"ხელიხელს" შესახებ


'"ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ არაჩვეულებრივი დღე და უნიკალური გამოცდილება მაჩუქა. გურჯაანში შშმ პირებისთვის განკუთვნილი საოჯახო ტიპის საცხოვრისები მოვინახულე. გავიცანი საოცრად თბილი და კეთილი ადამიანები. ისინი ერთად შრომობენ, სწავლობენ, ეხმარებიან ერთმანეთს და არიან საუკეთესო მეგობრები. დიდი ხანია ასეთი სითბო არ მიგრძვნია. ამ სახლებში ყველას აქვს მიზანი და ოცნება. გულდასაწყვეტია, ბავშვობიდანვე რომ ქონოდათ მათ მსგავს გარემოში ცხოვრების საშუალება, დღეს მათთან სულ სხვა სურათი დაგვხვდებოდა. იმედი მაქვს, სახელმწიფო და საზოგადოება მეტ ყურადღებას მიაქცევს იმ ადამიანებს ვისაც განსაკუთრებული ყურადღება და ხელშეწყობა სჭირდებათ. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც არის ჩართული ასეთ კარგ საქმეში."





ნიკა უხურგუნაშვილი - ბლოგერი.

 "ხელი ხელს" შესახებ


''ვისაც უნდა, თავის თავში დოგმატური და სტერეოტიპული ცნობიერება მოკლას, გახდეს ცოტა უკეთესი, აუცილებლად უნდა ეწვიოს გურჯაანში განთავსებულ შშმ პირებისთვის შექმნილ საოჯახო ტიპის საცხოვრისს. მათგან ბევრ რამეს ისწავლის. აქ მოსმენილი ამბები სავსეა სითბოთი, სიყვარულით, სხვა ადამიანების თუ კანონმდებლობის მიერ გამოჩენილი სისასტიკით. ყოველგვარი ადამიანურ გრძნობას ამ ადგილას მოუყრია თავი და მთელი თავისი მრავალფეროვნებით ავსებს იქაურობას. 

ეს, ალბათ, ის იშვიათი ადგილია, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ფილმის „მე მქვია სემი“ [I am Sam] ცოცხალი პერსონაჟები, რომლებიც ფილმის გმირის მსგავსად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა მაინც განაგრძობენ ბრძოლას და სიცოცხლის ხალისსაც არ კარგავენ.''





თამთა ნაჭყებია - ჟურნალისტი 

"ხელი ხელს" შესახებ


''საოჯახო ტიპის სახლები ალბათ საუკეთესო საცხოვრებელია მათთვის, ვისაც ფიზიკური ან გონებრივი შეფერხება აქვს და ვიზეც საკუთარმა ოჯახმა უარი თქვა.
ყველას სჭირდება ოჯახი და აქ სწორედ ასეთი გარემოა.
ადამიანები ამ სახლებში ინსტიტუციებიდან მოიყვანეს და ახლა თავს ბევრად უკეთ გრძნობენ, ვიდრე მანამდე. ოჯახური, არასტრესული გარემო მათ ეხმარებათ, იყვნენ მეტად თავისუფლები, ბევრი რამ ისწავლონ და საკუთარი თავის რეალიზება, მეტ-ნაკლებად, შეძლონ.
ეს ადამიანები ძალიან თბილები არიან, სულ უნდათ, რომ ჩაგეხუტონ და ის სითბო აინაზღაურონ, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე, ამ სახლებში მოხვედრამდე აკლდათ.

ძალიან დიდი მადლობის ღირსია ის, ვინც შშმ პირებისთვის საოჯახო ტიპის საცხოვრებლების შექმნა გადაწყვიტა, ფინანსები მოიძია და ამ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება მისცა. იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება იმისთვის, რომ ჩვენს ირგვლივ მყოფი ყველანაირი შესაძლებლობის ადამიანის ცხოვრება ღირსეული გახდეს.''




No comments:

Post a Comment