Thursday, July 6, 2017

ვიხილები და მოვდივარ - #ასისტენტისდღიური

- დაიმალეთ?
- დავიმალეთ ჰო - სახლის გვერდით მიმალულმაგამცა” პეტრემ.
- ბიჭო ხო გაიგო სადაც ხარ?! - ბუჩქებიდან ამღერდა გიორგი.
- შენიც გაიგო მასე - მიცა პეტრემ ბანი
- მარი შენ დაიმალე?
კისკისმა გამოცრა სახლიდან.
- კაი ვიხილები და მოვდივარ


მშვიდი იყო უკვე ღამე. წუთის წინ დამალობანას პატარებივით მოთამაშეები, ახლა დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ. გული შიშით და აღტაცებით უფორიაქდებათ იმის გაფიქრებაზე, რომ ერთ დღესაც შეეძლებათ მარტოდ იარონ სამსახურში. მარტო გრიგოლი არ გვერთვებოდა საუბარში, განა იმიტომ რომ საკუთარი აზრი არ გააჩნია, არა, უბრალოდ იმიტომ, რომ ლაპარაკი არ უყვარს. თავშესაფარში კი, სადაც ცხოვრობდა, საერთოდაც ეგონათ, რომ ლაპარაკი არ შეუძლია. გრიგოლი კი, როცა ოთახში დასაძინებლად შეიკეტება, როცა დარწმუნებულია რომ ვერავინ გაიგებს მის ხმას, ჩურჩულებს. ჩურჩულებს ჩუმად და ღამის სიჩუმეში ნიავს გამოაქვს მისი იდუმალი ხმა ოთახიდან…


გრიგოლი და მე შუადღის მზიან მოღვენთილობას მუსიკით ვუმკლავდებოდით. ყურსასმენი ცალი შენ, ცალი მე. გავუკიდებ სიგარეტს, დახედავს, საფერფლე სავსე თუა წამოდგება, გადაყრის, მაჩვენებს, დამიდგამს, ღიმილებს ვცვლით, მადლობას იმსახურებს და ვაგრძელებთ მოსმენას.
მორიგეობით აკონტროლებენ სახლში სისუფთავეს. ცხრილი აქვთ შედგენილი და ფერადი ჭიკარტებით კედელზე აკრული, რომელიც გამცნობთ ვინაა დღეს მორიგე და ვინ მისი დამხმარე. ყველა ასისტენტს მოგვაწერინეს ხელი მათსავე


შედგენილ დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე.


საღამოსკენ, შებინდებისას, ბანდა შეკრეს. გასხლეს ალუბლის ხე. ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, როგორც არასდროს. შეთანხმდნენ, პეტრეს დაბადების დღისთვის ან მურაბას გააკეთებდნენ ან წვენს დაწურავდნენ ან ხილს ტორტზე დააწყობდნენ.
პეტრე არ მოშორებია ჭურჭელს, მორიგე იყო. ტელეფონი აერია შუადღით, ბატარეა დროზე ადრე კვდებოდა, აღარც ნორმალურად იტენებოდა. მერე ტელეფონის მოდრეკა ცადა მის გასაკეთებლად. ეკრანი გაუტყდა. მუშაობს მაინც.’’რა ვქნა ახლა ამას ხო არ გადავყვები’’- მიდგომა აქვს.


და სანამ ღამე იყო მშვიდი, ვზივართ გარეთ და ველოდებით პეტრეს. ონკანის ხმაში პერიოდულად გამოერეოდა მისი ხმა:
- არ დაიწყოთ უჩემოდ დამალობანა.
- გელოდებით

#ასისტენტისდღიური #ხელიხელს #რეზიქამუშაძე

No comments:

Post a Comment