Monday, May 29, 2017

#ასისტენტისდღიური - ძვირფასო დღიურო

ძვირფასო დღიურო, ღამის სამი საათია და მე მღვიძავს. არა იმიტომ რომ არ მეძინება, ძალიანაც მეძინება… არ მაძინებენ ხმები, ჯოჯოხეთური ხმები, რომლებიც გარედან შემოდიან.. ალა პუგაჩოვები და შანსონები.. გთხოვ, მაღალო ღმერთო გამაძლიერე, ჯერ კიდევ ნორჩია, დღენი ჩემნი. ხმები მიფერმკრთალებენ განვლილ დღეს, მაგრამ შევეცდები გახსენებას:

- დილა ბურთით დაიწყო. მე, ბატონი დავითი და ბატონი პატარა გიო გავედით სათამაშოდ. დავიღალეთ, დავიხარჯეთ, ვბრუნდებით,
გზად “ხელი ხელს” გოგოების სახლში გავიარეთ. ინგა დას ემშვიდობება (და უცხოეთში მიდის, თვითონ კი ჩვენთანაა უკვე კარგა ხანია), ნაღვლიანი თვალები აქვს ინგას. მერე მისმა თვალებმა გაგვიღიმა...
გვიპატიჟებს სახლში. ყავას გვთავაზობს და სასუსნავებს, რომელიც მისმა დამ მოუტანა. გვაძლევს რიგრიგობით და თან ყოველ გაცემულ ტკბილეულს ჩვენს სახელს აყოლებს. თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ვიყოთ ამ ქვეყანაზე:
- ეს შენ დათო. ეს შენ გიო. ესეც შენ რეზი. შევყოვნდით ცოტა და, კიდევ მეტი ხნით. არ უნდათ ჩვენი გაშვება მასპინძლებს. გიო მექაჩება, გინდა თუ არა წავიდეთო. არ დავნებდი ასე ადვილად, როგორც პატიოსანი ოჯახის შვილს ეკადრება. ცოტა ხანში წავედით სახლში. დაღლილები ვართ, მაგრამ ჯერ მხოლოდ საღამოა. დათო გაწვა საწოლზე, ზეწარი მიიფარა. პატარა გიო წყნარად უზის ტელევიზორს. დიდი გიო კი მის ოთახში, თავის სამყაროში ხეტიალობს. მინდა გამოვაცოცხლო სახლი. მეთქი რა, მეთქი რა.. და უცებ გავხდი მასხარა. ბატონი პატარა გიორგი შოკირებულია, ასეთი არ ვახსოვარ, მაგრამ კარგად იმოქმედა, გამოცოცხლდა, აცეკვდა. ბატონ დავითს ვერ გააკვირვებთ ასე მარტივად. ალბათ, გაიფიქრა ჭანჭიკები მოეშვაო და მხარი იცვალა. შევთავაზე ცოტა გვესეირნა. დავძლიეთ დროზე ადრე წვეული ძილისპირული და გავედით. ვიქანავეთ ზემოთ საქანელებზე. დავიმუხტეთ ენერგიით, გამოვცოცხლდით და სახლისკენ მალევე ჩამოვისეირნეთ. აღვასრულეთ ყოველდღიური რიტუალი - "სუფთა სახლში ჯანსაღი სულია". დათომ დასტაცა ხელი და მხარზე შემოიგდო დივანი, ქვეშ მოხვეტ-მოწმინდა, პატარა გიო სამზარეულოს დააცხრა. მე ფანჯრის რაფაზე მოვასწარი დასკუპება. აქედან ვქომაგობ, ვაქებ, ყოჩაღ, ყოჩაღ ოღონდ მეც არ გამატანოთ ნაგავს... მორჩა ასე დღეც..
და იყო მშვიდობა.. ამ დრომდე.. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ მაძინებს გარედან შემოსული ჯოჯოხეთური მუსიკის ხმები.. ძვირფასო დღიურო,იმედია მეყოფა ძალა მაგრად დავუდგე ამ განსაცდელს..


#ხელიხელს
#ასისტენტისდღიური

რეზი ქამუშაძე

1 comment:

  1. Casino 2021 : Casino reviews and bonus codes
    Read the Casino 정읍 출장샵 2021 reviews and 양산 출장샵 get latest casino bonuses from the largest online gambling sites, 영주 출장샵 mobile & desktop users. Play your favorite games  Rating: 2 · ‎Review by 원주 출장마사지 Jem H 광명 출장마사지

    ReplyDelete