Tuesday, September 29, 2015

მზიანი დასაწყისი


მორიგი მზიანი დღე გათენდა. ბიჭებისაკენ (საოჯახო ტიპის საცხოვრებელში მცხოვრები გიორგი, გიორგი და დათუნა) გავეშურე. ამ დღეს მზიურში წასვლა გვქონდა დაგეგმილი, ფერადი ცარცებით ხატვა და ცეკვა-თამაში. სანამ სახლიდან გავიდოდი, ყოველი შემთხვევისათვის ჩანთაში კეთილი ადამიანების მიერ ნაჩუქარი ჟეტონები ჩავიყარე. აი, ეს ის ჟეტონებია, რომელიც წერილში „ყველაფერი დასწრებაზეა“ გარკვეული მიზეზების გამო არ გაგიმხილეთ. ეს ჟეტონები სათამაშო ზონაში გამოიყენება.

მზიურში მივედით. გავერთეთ. დავხატეთ. ვიცეკვეთ. თითქოს არ გვეყო. თითქოს რა?! გართობა ხომ არასოდეს არის საკმარისი. არ გბეზრდება. ამასობაში, ჩემი სხვა მეგობარიც შემხვდა. თურმე, ნუ იტყვით და,  შვილთან ერთად გართობის გაგრძელებას იქ აპირებდა, სადაც ამდენი ხანია ბიჭების წაყვანა მინდა. თვალები ეშმაკურად გამიბრწყინდა. გამეღიმა. ბიჭებს მიმიკა არ გამოეპარათ: „სადმე მივდივართ გიორგი?“ - მკითხეს. ისევ ჩამეღიმა: ვუპასუხე და თვალი ჩავუკარი. დაინტრიგდნენ. აფორიაქდნენ. სახლში წასავლისთვის იყვნენ მზად და თურმე კიდევ სადმე მიდიან. ბედნიერად ჩაფიქრებულები გამომყვნენ მეგობრის მანქანამდე, რადგან თურმე უკან დაბრუნება ასე ადრე აღარ უწევდათ ჩემს გართობამოწყურებულებს. ვიცი, მიუჩვევლები არიან მოულოდნელ სიხარულს, მე კი მინდა, რომ მათაც ჩემსავით იცოდნენ ამის გემო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მივედით, ჯერ დავნაყრდით და იმ დროს, როდესაც სურპრიზი ჩვენი ტრაპეზი ეგონათ, ზუსტად მაშინ მოვკიდე ხელი და წავიყვანე სათამაშო ზონისკენ. ოოო, აი იქ კი გაიხარეს და რა გაიხარეს ბიჭებმა. ხან ერთმანეთს ეთამაშებოდნენ, ხან იქ მყოფ ბავშვებს. აი ნამდვილი გართობაც ეს იყო. ხან მოტოციკლი, ხან ბურთების ჩაყრა, აქ ძრომიალი იქ ჰოკეიო და... ამასობაში მეცხრე ცის ზევით ჩემთან ერთად ამოყვეს თავისი ჭკუისკოლოფა თავები.

ამასობაში მოსაღამოვდა. ბიჭებსაც დაღლა დაეტყოთ და წამოვედით. სახლში გახარებულები და ბედნიერები მოვიდნენ. აივანზე ვისხედით ვუსმენდი როგორი აღტაცებით საუბრობდნენ სად, რა და რომელი სათამაშო როგორ ითამაშეს. მეც ყურებამდე გაღიმებული თითქოს პირველად ვიგებდი მათ თავგადასავლებს. მიხაროდა, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭრბა. ამასობაში დრო ვიხელთე. გადავწყვიტე ყველასთვის ერთიანად გამემხილა, რომ მათ მხიარულებასა და ბედნიერებაში, ჩემო მეგობრებო. თქვენი კეთილი ხელი ერია. გაუკვირდათ, გაუხარდათ და ყველა სათითაოდ შეგაქეს. რა თქმა უნდა. მადლობის თქმაც არ დავიწყებიათ.

მე და ბიჭებმა უკვე ვიცით, რომ ეს, ჯერ კიდევ მზიანი დასაწყისია.



გიროგი წოწკოლაური
"ხელი ხელს" პროგრამის კოორდინატორი

1 comment:

  1. ვინც მოპედებით და სკუტერებით ხართ დაინტერესებული მოპედ დეპო გთავაზობთ ფართო არჩევანს ახალი მოპედების https://mopeddepot.ge/

    ReplyDelete