Friday, September 25, 2015

სიკეთე დასწრებაზეა!



ხომ გაგიგიათ გამოთქმა: „ყველაფერი დასწრებაზეა“?! რა თქმა უნდა გაგიგიათ. მეც გამიგია და ბევრჯერ მითქვამს კიდეც.  აი სიკეთეც რომ დასწრებაზე იყო, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ხდება, თუმცა გარკვეული, ნეგატიური მოვლენებით დახუნძლულს, პერიოდულად ვარდისფერი სათვალის ადგილსამყოფელს მახსენებს.
ჩვენი სახლის მცხოვრები ბიჭებისათვის გასართობ/შემეცნებით, სოციალიზაციისათვის საჭირო აქტივობებს იდეის დონეზე ვაგროვებთ ხოლმე. ვაგროვებთ ხოლმე იმიტომ, რომ ამ აქტივობების უმეტესი ნაწილის განხორციელება ხშირად იმ თანხებთან არის დაკავშირებული, რომელიც პროექტში არ არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მწირი, მაგრამ მაინც, საკუთარი თუ პროექტში არსებული რესურსებით ვახერხებთ ბიჭებისთვის და თვითონ ბიჭების უფრო ფართო სოციუმის გაცნობას.
აი, ახლა იქამდე მივედით, რაზეც თქვენი ყურადღების შეჩერება მინდოდა. გადაწვყვიტე, ბიჭები გასართობად წამეყვანა. თავში ერთ-ერთი დაწესებულება ამომიტივტივდა, თუმცა, იქ წასასვლელად და გასართობად ზემოხსენებული სირთულე გვიშლიდა ხელს. ამიტომ ჯერ პირად ფეისბუქ გვერდზე მეგობრებს გავანდე ჩემი სურვილი და რა მოხდა იცით? ისეთი რამ რასაც არც მე მოველოდი... ერთმანეთზე სწრაფად, ჩემმა მეგობრებმა და იმ ადამიანებმა რომლებიც წლებია არ მინახავს, უფრო მეტიც, პირადადაც კი არ ვიცნობ, დაგვეხმარნენ ჩემი ჩანაფიქრი ერთხელ კი არა და რამდენიმეჯერ მომავალშიც განვახორციელოთ.
ახლა ამას ბედნიერი, გაღიმებული და მეცხრე ცის ზევიდან ვწერ. ჯერ ბიჭებმა არ იციან ამ სიურპრიზის შესახებ, თუმცა, რომ გაიგებენ და წავიყვან, აუცილებლად გადავუღებ სურათებს და განახებთ სათითაოდ ყველას სახეს. ახლა, მხოლოდ მე კი არა, მათაც ეცოდინებათ, რომ არსებობენ ის, მათთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის კეთილად არიან განწყობილი (არამარტო) ჩვენი ბიჭების მიმართ.
მე მჯერა რომ ეს, სიკეთის კეთების დასაწყისია. მომავალში  მე და ბიჭებს წინ  კიდევ ბევრი მოულოდნელი და სასიამოვნო მოვლენები გველოდება.

გიორგი წოწკოლაური
"ხელი ხელს"  - პროგრამის კოორდინატორი

No comments:

Post a Comment