როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, უმთავრესია ვიცოდეთ ის ორი ძირითადი კონცეფცია, რომელიც ფუნდამენტურად განსაზღვრავდა და განსაზღვრავს, როგორც შშმ ადამიანების სტატუსს და მათი ფუნქციონირების ხარისხს, ისე ზოგად კეთილდღეობას და საზოგადოებაში, ჯანსაღი მიდგომების ფორმირებას. ეს ორი ძირითადი მიმდინარეობა სამედიცინო და სოციალური მოდელების სახელითაა ცნობილი და უნდა ითქვას, რომ XXI საუკუნეში მათ შორის განსხვავება კიდევ უფრო
მკვეთრად იგრძნობა.
სამედიცინო მოდელი ფართოდ გავრცელებული XX საუკუნის 60-იან წლებამდე იყო. ეს მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს განიხილავს, როგორც "პაციენტებს"," ავადმყოფებს" რომელთაც გართულებული ფიზიკური დარღვევები აქვთ და მკურნალობა ესაჭიროებათ. ასევე ეს მოდელი ნაკლებ ყურადღებას უთმობს საზოგადოების პასუხისმგებლობას: ამოუდგეს მხარში და ყველანაირად ხელი შეუწყოს "განსხვავებული წევრის" მაქსიმალურ ინტეგრაციას. ძირითადად, "სამედიცინო მოდელის" მიერ შეთავაზებული სერვისები სამედიცინო ხასიათისაა და მაქსიმალურად ფოკუსირებულია "შეზღუდულობის მკურნალობისკენ". სწორედ სამედიცინო მოდელის მონაპოვარია დიდი ზომის ინსტიტუციებიც (ბავშვთა სახლები, შშმპთა ინტერნატები, ფსიქიატრიული დაწესებულებები), სადაც მსგავსი "დარღვევების" მქონე ადამიანებს ერთად ათავსებენ. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დახმარების უგულებელყოფა არამცდაარამც არ შეიძლება, ამ მოდელის უმთავრესი სისუსტე ისაა, რომ შშმ ადამიანს მომსახურების პასიურ მიმღებად აყალიბებს, რომელსაც ნაკლებად უჩნდება სურვილი თავისი უფლებებისათვის იბრძოლოს.
აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების უდიდეს ნაწილს უკვე უარყოფილი აქვს სამედიცინო მოდელი და გადასულია სოციალურ მოდელზე, რომლის განვითარებაც XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ამ მოდელის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა პრობლემები საზოგადოების არასწორი დამოკიდებულების შედეგია (მაგალითად არსებული სტიგმა და დისკრიმინაცია, ცრუ შეხედულებები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ართულებს შშმ ადამიანთა ყოფა-ცხოვრებას). სამედიცინო მოდელი თუ ათავისუფლებდა საზოგადოებას, სოციალური მოდელი პირიქით, სწორედ მას აკისრებს უპირველეს პასუხისმგებლობას.
სოციალური მოდელისთვის ცენტრი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანია, რომელსაც ფიზიკური შეზღუდვების გამო, გარემო ბარიერები კიდევ უფრო მეტ დაბრკოლებებს უქმნის. სოციალური მოდელისთვის ადამიანი "ბიო-ფსიქო-სოციალური" არსებაა, რომლისთვისაც ჯანმრთელობის პრობლემა მხოლოდ სახსრების ტკივილი, ან ამპუტირებული ფეხი როდია, არამედ აღნიშნული მდგომარეობის გამო გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, ან თუნდაც "დაცარიელებული" სოციალური აქტივობები.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც მოხდეს აღნიშნული მოდელების გააზრება, როგორც ხელისუფლების ისე საზოგადოების მხრიდან, რადგან სწორედ ასე მოხდება შშმპ ადამიანებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისის შეთავაზება და უფლებრივად თანასწორი გარემოს შექმნა.
წყარო: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მასალა "თემი, ორგანიზაციები და ჯგუფები მაკრო სოციალურ გარემოში",
თავი V: სოციალური სამუშაო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან.
No comments:
Post a Comment