საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ გურჯაანის წყნარ და მშვიდ , "ხელი ხელს" სახლში მივედით. დახვედრა როგორც ყოველთვის, თბილი და მზრუნველი, პირველად ჩასულისთვის კი მეტად ,,შინაურული" აღმოჩნდა. ეს ყოველივე, უცხო გარემოში მოხვედრის პირველად კომპლექსს გიხსნის და სალაპარაკოდ, ახალი ნაცნობების შესაძენად გამზადებს.
ირინა და კოსწია ახალი სოცოცხლის მოლოდინში არიან, ორი თვის ფეხმძიმობა და დედობისთვის მზადება წარმატებულად მიმდინარეობს.
;არც ირინამ დაიზარა გამასპინძლება და არც კოსწიამ სტუმრისთვის ეზოს ნარგავების ჩვენება.
ყველას ცხოვრებაში ან პატარა, ანაც დიდი სიახლეა...
ამ დღესვე მოეწყო პერსონალის კრება, სადაც უამრავი საკითხი იქნა განხილული. როგორც სამეურნეო ისე ბენეფიციართა ფსიქო-სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სახლების კონცეფცია "ბენეფიციართათვის მაქსიმალური დამოუკიდებლობის მიცემას"ეფუძნება, ამ ნორმამდე მისასვლელად პერსონალი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ცვლილებას, აქტიურად ეკითხება აზრს თავად სახლის მცხოვრებთ თუ როგორ ისურვებენ, აჯამებს ზოგად სიტუაციას და;მხოლოდ მას შემდეგ მოქმედებს.
გურჯაანის სახლში მცხოვრები ბენეფიციარები სულ ცოტა ხნის წინ დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრობდნენ, სადაც თოთოეულმა მათგანმა ცხოვრების გარკვეული ნაწილი გარესამყაროსთან ნაკლები ურთიერთობისა და საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის გარეშე გაატარა. არადა ინსტიტუციის გარეთ მყოფებს წარმოდგენაც კი გვიჭირს ალბათ, როგორ შეიძლება არ გვქონდეს გარესამყაროსთან აქტიური კონტაქტი და როგორ შეიძლება შეგვზღუდოს ვინმემ ჩვენი ცხოვრების დაგეგმვასა და თავისუფალ მოქმედებაში.
თამართან, კოსწიასთან, ირინასთან, თემოსთან,თეასთან,რუსიკოსთან,ომარისთან, ვალოდიასთან, ცისანასთან,გიორგისთან... სახლების ყველა ბენეფიციართან გამონახავ საერთო ენას, იპოვი სასაუბრო თემას იმიტომ, რომ ურთიერთობა და საკუთარ ცხოვრებაზე ლაპარაკი მათაც ისევე შეუძლიათ როგორც ჩვენ, უფრო მეტი გულწრფელობითა და ღიაობით. იგრძნობ, რომ ყველას თავისი სატკივარი აქვს, მწარე ისტორია ანაც ცხოვრების რაღაც მხარეებით უკმაყოფილონი არიან (ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი), მაგრამ ამასთანავე იმასაც ადვილად მიხვდები, რომ სიახლეზე, ცვლილებაზე, რაიმე ახლის სწავლაზე და შექმნაზე (რაც სამწუხაროდ,ყველა ჩვენგანს არ შეგვიძლია), თავიანთი ცხოვრების შეცვლაზე აქტიურად ფიქრობენ.
გურჯაანის სახლების ნახვის შემდეგ აუცილებლად დაფიქრდები, რომ ზრდასრულ შშმპ-თა დიდი ნაწილი კვლავაც რჩება ისეთ გარემოში, სადაც არც თამარს, არც კოსწიას, არც ირინას, არც თემოს... მოკლედ არცერთ ბენეფიციარს არ სურს დაბრუნება. ეს საქმე პროფესიონალიზმსა და ყველანაირ ადამიანურ უნარს საჭიროებს და აუცილებლად იძლევა "კეთილ" შედეგს, კარგი ადამიანებისთვის.
"ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა - ის კი ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის"
ჩარლზ ჩაპლინი - "წერილი ჯერალდინას"
No comments:
Post a Comment