შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სერვისებს, რომელსაც ძირითადად სამთავრობო, მაგრამ მასთან ერთად არასამთავრობო სექტორიც ქმნის. ყველა ქვეყანაში პრობლემას სერვისების სიმწირე, მათი საჭიროებებზე მორგება და ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი შექმნისა და გამრავალფეროვნების პროცესში ჩართული იყოს
დაინტერესებული მხარეც, ანუ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მშობლები, მეურვე-მზრუნველები და კანონიერი წარმომადგენლები.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სფეროში არსებული სერვისები, მხოლოდ მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიას ქმნის. სუსტია არასამთავრობო სექტორიც, რომელთა შესახებაც არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რათა პროფესიონალებს გაუადვილდეთ ბენეფიციართა საჭირო სერვისებთან დაკავშირება. სახელმწიფო კი ძირითადად მინიმალური "სახელმწიფო პენსიით", სპეციალური დამხმარე საშუალებების გადაცემით და ჯანმრთელობის დაზღვევით შემოიფარგლება.
"შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს" დაქვემდებარებული "სოციალური მომსახურების სააგენტო" შშმ პირებთან შემდეგი მიმართულებით მუშაობს:
ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა
ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაზღვევას და ასევე შშმპთა სოციალური ექსპერტიზისთვის, კერძოდ შშმპ სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევების დაფინანსებას, გარდა მაგნიტურ ბირთვულ-რეზონანსული გამოკვლევებისა;
სოციალური პაკეტი, გულისხმობს მვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ასევე შშმ ბავშვებისათვის ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემას (სხვადასხვა კატეგორიისთვის. ეს დახმარება70-დან 309 ლარამდე მერყეობს);
სათემო ორგანიზაციები
შშმ ადამიანებს საცხოვრებლით, კვებით, ფსიქოლოგიურ-სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფენ და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალებას აძლევენ. აღსანიშნავია, რომ მათი რიცხვი არც ისე დიდია.
სავარძელ-ეტლებით და საპროტეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფა
შშმ ადამიანების სავარძელ-ეტლებით, საპროტეზო ორთოპედიული საშუალებებით, სმენის აპარატითა და კოხლეარული იმპლანტით (იმპლანტი, რომლის ჩადგმის შემდეგაც სმენადაქვეითებულ ადამიანებს სმენა აღუდგებათ)აღჭურვას გულისხმობს.
პანსიონატები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
პროგრამის ფარგლებში კი შშმპ-თა ჩარიცხვა შესაძლებელია დუშეთის, მარტყოფისა და ძევრის სახელმწიფო ზრუნვის შშმპთა პანსიონატებში. აქვე მნიშვნელოვანია ითქვას ჩარიცხვის წესის შესახებაც, რომლის თანახმად, მომსახურება სრულად უფინანსდებათ მხოლოდ იმ შშმპ-ებს, რომელთა ოჯახებსაც "სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში" 70 000 ქულაზე ნაკლები მაჩვენებელი აქვთ, დანარჩენ შემთხვევებში ნაწილობრივი დაფინანსებაცაა, ხოლო სრულიად ფასიანი მომსახურება ამ პანსიონატებში თვეში 600 ლარი ჯდება.
ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის პროგრამა
ემსახურება სმენადაქვეითებული ადამიანების სოციალურ ინტეგრაციას, სურდოთარჯიმნების მომსახურების უზრუნველყოფის გზით.
სააგენტო მეურვეობა-მზრუნველობას აწესებს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ მიჩნეულ, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებზე, ასევე სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე, თუკი მისი მოთხოვნაა და ამის საფუძველი არსებობს. მეურვეობა-მზრუნველობა წესდება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შემთხვევებშიც, როდესაც ბენეფიციარის ოჯახი მძიმედ ზარალდება და არასრულწლოვნების შემთხვევაში, მათი პირადი, ქონებრივი და უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად.
ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის სერვისი
მოიაზრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსებას და ასევე კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას, თუნდაც დაწესებულების გარეთ. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო რესურსები ამ მხრივ არც ისე დიდია. სტატისტიკის მიუხედავად, სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსება რიგითობის დაცვით ხდება, რაც ბევრი სერვისის საჭიროების მქონე ადამიანს მის გარეშე ტოვებს.
აღნიშნული მომსახურებების შესახებ, შედარებით დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ "სოციალური მომსახურების სააგენტოს" ვებ-გვერდზე.
No comments:
Post a Comment