Saturday, October 10, 2015

"ვრჩებით მარტონი, როდემდე?!"

თორნიკე 35 წლის, ჩემი შვილია. ფსიქიკური აშლილობა მას 16 წლის ასაკში დაეწყო. დიაგნოზი - ჰალუცინატორული პარანოია. დაახლოებით ვიცოდი, ეს რა იყო. მოგვიანებით ამიხსნეს: როგორც ავთვისებიანი სიმსივნე ჭამს სხეულს, ისე შიზოფრენია ჭამს გონებას და  პაციენტის პიროვნული დეგრადაციით მთავრდება. - ეს ხომ განაჩენია. ვეძებ გადარჩენის არატრადიციულ გზებს. ასათიანის ფსიქიატრიული კლინიკის მეშინია.

ვიწყებთ სიარულს „მენცართან“ - ფსიქოანალიტიკური მეთოდებით მომუშავე ჯგუფია. „მენცარი“ ძველქართულად გულთამხილავია. მეთოდი მდგომარეობს ბავშვობაში მიღებული, მივიწყებული ტრავმების გაცნობიერებაში. დიდ იმედებს ვამყარებ. „მენცარი“ გვპირდება: განვკურნავთ, ოღონდ აგრესიას გადმოიტანს თქვენზე, იმ აგრესიას, რომელიც მას ანგრევს. მე თანახმა ვარ. ვიარეთ 3 თვე. თორნიკე იძულებით დაგვყავდა. შედეგი: დაავადება გამწვავდა.

ასათიანის ქუჩაზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დავწექით. ეს არის 1996 წელი, პოლიტიკური და სოციალური წყვდიადის წლები. კლინიკაში არ არის წამალი, არ არის საჭმელი. მედპერსონალის ხელფასი მიზერულია. მე სულ თორნიკესთან ვარ,  შვილის უსაფრთხოებას ვიცავ.
პირველი ჰოსპიტალიზაცია (საავადმყოფოში დაწვენა) შედეგიანი აღმოჩნდა. დაუნიშნეს ფსიქოტროპული წამლები. წამლების ხანგრძლივად მიღებაზე მან უარი თქვა, რასაც მოჰყვა გახშირებული ჰოსპიტალიზაცია და მდგომარეობის გაუარესება.
ეს დაავადება ჩემთვის განაჩენის ტოლფასი გახლდათ. მიჭირდა ავადმყოფური უცნაურობების დათმენა. მე არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, შვილი, რომელიც იყო ზრდილობიანი, წესიერი, უნარიანი, ნიჭიერი, გონებაგამჭრიახი, მშვიდი, ერთბაშად შეიცვალა. გახდა: ეჭვიანი, ცრუმორწმუნე, აგრესიული, შურისმაძიებელი, განმკითხველი, ჯიუტი, დაკომპლექსებული, გაურკვეველი შიშების მატარებელი.
დღემდე მახსოვს ჩემი შვილის საყვედური თუ სამართლიანი ბრალდება, რომელიც მისმა პირველმა ჰოსპიტალიზაციამ გამოიწვია: „დედა, ჩათვალე, რომ შენ ჩემზე აბორტი გაიკეთე. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ უნდა დაგეწვინე. რატომ გამიმეტე ასეთი ჯოჯოხეთისთვის. ვიწყებდი ცხოვრებას, გარდატეხის ასაკი იყო, ცოტა გაგეძლო ჩემთვის და მე არ მექნებოდა შეშლილის სტატუსი“.
ყველა თანამიგრძნობს - ახლობლები, მეგობრები, ამხანაგები, მეხმარებიან. თანაგანცდა საოცრად მამხნევებს. გადის წლები და ეს აქტიური ადამიანური თანადგომის რესურსი წყდება.
საავადმყოფოში პირველი დაწვენის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი. წამლების დალევაზე თორნიკე უარს ამბობს. ზის კომპიუტერთან დღე და ღამე, კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს. მოძღვარი მაფრთხილებს, რომ ეს მავნეა ფსიქიკისთვის, როგორმე აარიდე ან აუკრძალე. ვერ თუ არ ვაკეთებ ამას, მგონია, რომ ეს თამაშები გაახალისებს, დააკავებს. მეც დრო გამომითავისუფლდება. მდგომარეობა გართულდა, გამწვავდა, თორნიკე ჩემს მიმართ გახდა აგრესიული, მახსენდება „მენცარის“ პირობა - თქვენზე გადმოიტანს აგრესიას და თავის თავს ხიფათს არ მოსწევს. 1999 წლის ნათლისღების წინა ღამეს (შუაღმისას) თორნიკე ხტება მე-3 სართულის აივნიდან - გადარჩება, იწამლავს თავს - გადარჩება...
ვიწყებ აქტიურ ეკლესიურ ცხოვრებას. ვხვდები სულ სხვა განზომილებაში. ვესწრები წირვა-ლოცვებს, ვამბობ აღსარებას და თანდათან ყველაფერს ღვთის წყალობით ეძლევა განსხვავებული შეფასება.
ვიცი, რომ ეს დაავადება ქრონიკულია. ერთადერთი გამოსავალი ამ გაუსაძლისი მდგომარეობიდან მისი დაავადების მართვაა. ხშირი ჰოსპიტალიზაცია შედეგს არ იძლევა. კარგავს უნარებს, იკვრება წრე სახლი - საავადმყოფო. საავადმყოფოში დაწვენის სიხშირე წელიწადში 2-3. შედეგი: იზოლაცია და გარიყვა. გარემომ არ იცის როგორ უნდა მოექცეს მას. არადა საზოგადოებაში ჩართულობა რემისიის (ავადმყოფობის მოვლენათა დროებითი შესუსტება ან გაქრობა) ხანგრძლივობას ხელს უწყობს.
ნ. მინდაძის წიგნში „ქართული ხალხური მედიცინა საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში“ ვკითხულობთ: „საყურადღებოა ის გარემოება, რომ მთაში სულით ავადმყოფი, თუ ის საზოგადოებისთვის საშიში არ არის, არავითრ იზოლაციას არ ექვემდებარებოდა, არც დაცინვისა და ირონიის ობიექტი ყოფილა. მას ყველა ხელს უწვდიდა და ეხმარებოდა. მის საშველად ხშირად მთელი სოფელი იკრიბებოდა..."


ეს ცნობიერება და დამოკიდებულება თანამედროვე საზოგადოებაში აღარ არის. მე და ჩემი შვილი, 35 წლის თორნიკე ვრჩებით მარტონი. როდემდე...


ნათელა ბახტაძე

No comments:

Post a Comment