არსებობს წიგნები, ცხოვრებაზე სრულიად რომ შეგაცვლევინებს აზრს. არსებობს წიგნები, რომელთა წაკითხვის შემდეგ უკვე სხვანაირად გინდა სიცოცხლეც და სიკვდილიც. წიგნი ხომ მეტამორფოზის საშუალებაა, ის ხომ სარკმელს გიღებს სხვის სამყაროში - ბოროტისა და კეთილის, ფერიებისა და ჯადოქრების, გმირებისა და ანტიგმირების სამყაროში; იქ, სადაც უკვე შენ მაგივრად უყვარდათ და სძულდათ, ცოცხლობდნენ და იხოცებოდნენ, იბრძოდნენ და მარცხდებოდნენ... წიგნი ხომ სხვისი იდეების სამყაროს ერთგვარი გასაღებია; იმ იდეებისა, რომლებიც ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებასაც კი ცვლის. წიგნის კითხვისას ვუაიერისტის მზერით, თეთრით შავზე დაწერილ ასოებს შორის თვალის გადევნებით, შეგიძლია რამდენიმე საათი სხვისი ცხოვრებით იცხოვრო, წარმოისახო ის, რაც შენ ვერ გადაგხდებოდა, გაიგო, რაც შენი ცხოვრების მიღმა გადახდა სხვას. რამის გაგება თუ გინდა, ხალხს უნდა ჰკითხო. ან წიგნებს. წიგნებიც ადამიანები არიან. როგორც კაცს, წიგნსაც შეუძლია დახმარება. როგორც კაცი, წიგნიც ტყუის ხოლმე...
შესავალი, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბადებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ესპანური წარმომავლობის რუსი მწერლის რუბენ გალიეგოს სიტყვებით დავიწყე და დავასრულე, მსურს, მისივე წიგნის "თეთრით შავზე" შესახებ საუბრით განვაგრძო. შესაძლოა, თქვენი ცხოვრება ამ წიგნმა ასე რადიკალურად არ შეცვალოს, მაგრამ დაგანახვოთ სხვების ხვედრი - მათი, ვინც ჩვენ გარშემო სრულად არაადაპტირებულ გარემოში ცხოვრობს. დაგანახვოთ მათი ყოველდღიური გმირობები, რომლებსაც არ ან ვერ ვამჩნევთ. ჩვენთვის თუ ცხელ ზაფხულში პარკში გასეირნება ჩვეულებრივი ამბავია, სხვისთვის ეს გმირობის ტოლფასი. ჩვენგან ისინი მხოლოდ პათეტიკურ სოლიდარობას იღებენ, ხშირად - დამამცირებელი ფორმით, მაშინ როდესაც ერთადერთი რამ, რაც მათ დანამდვილებით სჭირდებათ, გარემოსთან ადაპტირებაა. შესაძლებლობები ხომ შეუზღუდავია, მხოლოდ გარემოა შეზღუდული. რთული ეკონომიკური მდგომარეობის მუდმივი მომიზეზება არც ერთ მთავრობას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, გახადოს გარემო თავისი ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი და შინაპატიმრობაში არ ამყოფებდეს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც, ჩემგან განსხვავებით, სიმღერის ნაცვლად სიარულის ან მხედველობის უნარი აქვს შეზღუდული. „დაბადებულია საქართველოში" არ უნდა ნიშნავდეს განაჩენს ამ ქვეყნის არც ერთი მოქალაქისთვის. „დაბადებულია საბჭოთა კავშირში" კი სწორედ ის გადმონაშთია, რომელიც ყველა სფეროში ჯერ კიდევ გადაულახავ ბარიერს ქმნის. ინკლუზიური განათლებაც ხომ მრავალი მშობლისა და მასწავლებლისთვის ჯერ კიდევ ადეკვატურად ვერგაგებული აუცილებლობაა და თითქმის ფაშისტური გამოხდომებით ვლინდება ხოლმე
რომანში "თეთრით შავზე" რუბენ გალიეგო თავის ცხოვრებას გვიყვება. ცხოვრებას, რომელიც არცთუ ადვილად განსაცდელია. უნარშეზღუდულობის გამო მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვის ამბავი, რომელსაც, იმისთვის, რომ გაიზარდოს, სულ ცოტა რამ სჭირდება: სალის ნაჭერი, ძეხვიანი ბუტერბროდი, ფინიკი, ლურჯი ცა და რამდენიმე კეთილი წიგნი. ბავშვთა სახლიდან - ბავშვთა სახლში, საავადმყოფოდან - საშუალო სკოლაში, სკოლიდან - მოხუცებულთა თავშესაფარში, თავშესაფრიდან - საკუთარ ოჯახში: გადარჩენისა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისთვის უწყვეტი ბრძოლა. მტკიცება, რომ ფეხები მთავარი არ არის.
„მეკითხებიან ხოლმე: მართლა მოხდა თუ არა ეს ყველაფერი, რაზეც ვწერ, რეალურები არიან თუ არა ჩემი მოთხრობების გმირები.
ვპასუხობ: კი, მოხდა და უფრო მეტიც, ოღონდ ერთია - ჩემი პერსონაჟები კრებითი სახეებია შთაბეჭდილებათა იმ დაუსრულებელი კალეიდოსკოპისა, ბავშვთა სახლებში ჩემს უსასრულო მოგზაურობას რომ სდევდა თან.
ერთადერთ თავისებურებად ჩემი პროზისა, რომელიც ასახავს, მაგრამ შორდება და ხშირად ეწინააღმდეგება კიდეც ცხოვრებისეულ სინამდვილეს, მაინც ავტორის თვალსაზრისი მიმაჩნია. შესაძლოა, ცოტათი სენტიმენტალური, ლამის პათეტიკურიც კი. მე განზრახ გავურბივარ ცუდზე წერას.
მგონია, რომ ცხოვრებაცა და ლიტერატურაც ისედაც წალეკილია სიბნელით. ისე მოხდა, რომ ბევრი სისასტიკე და ბოროტება ვნახე. დაცემული, გაბოროტებული ადამიანისა და მისი პირუტყვული საქციელის აღწერით შენდა უნებურად ბოროტების ისედაც უსასრულო ჯაჭვს კიდევ უფრო აგრძელებ. ეს კი არ მინდა. მე სიკეთეზე, სიხარულზე, გამარჯვებასა და სიხარულზე ვწერ", - ამბობს მწერალი.
და თუ თქვენი თავისუფალი დროის რამდენიმე საათს ამ რომანს დაუთმობთ, ყოველთვის, როდესაც პირადი მცირე თუ დიდი პრობლემები სასოწარკვეთის პირას მიგიყვანთ, გაგახსენდებათ ეს ამბავი და მოგცემთ ფეხზე წამოდგომის ძალას. „თეთრით შავზე" კეთილი ამბავია ძლიერ, სიცოცხლისმოყვარე ადამიანებზე.
ავტორი: გოჩა გაბოძე
გამოქვეყნდა: http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=12&id=253
No comments:
Post a Comment