დათო მალე 21 წლის გახდება |
(ორგანიზაციამ
„ხელი ხელს“ საოჯახო ტიპის მესამე საცხოვრებელი თბილისში დაახლოებით ერთი თვის წინ
გახსნა. აქ სულ სამი ბენეფიციარი ცხოვრობს, ანუ მაქსიმუმზე ორით ნაკლები. ისინი ოჯახურ
გარემოში დამოუკიდებლად მოქმედებას და გადაწყვეტილებების მიღებას სწავლობენ.)
***
თუ ვინმეს დემიენ
ო’დონელის ფილმი „ჩემში ვცეკვავ“ (Inside I'm Dancing) არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ და ანახეთ ყველას,
ვისაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება.
ეს არის ისტორია რორიზე და მაიკლზე. ეს უკანასკნელი შეზღუდული შესაძლებლობების გამო ბავშვობიდან დიდ პანსიონატში ცხოვრობს, სხვა სპეციალური
საჭიროებების მქონე პირებთან ერთად. მიუხედავად გარშემომყოფთა სიმრავლისა, მეტყველების
პრობლემების გამო, მისი არავის ესმის მანამ, სანამ პანსიონატში მოიყვანენ რორის. რორი
ძალიან თავისუფალ, სრულფასოვან ცხოვრებას ეწეოდა, სანამ ხერხემალს დაიზიანებდა და პანსიონატში
მოხვდებოდა, რომელიც მას დიდად არ ესიმპატიურება
და ცდილობს რაც შეიძლება მალე მოიპოვოს დაფინანსება ცალკე საცხოვრებლად გადასვლისთვის.
მაიკლს, რომელიც დაბადებიდან ინსტიტუციაში იზრდებოდა, არც წარმოდგენა აქვს როგორია
ცხოვრება კედლებს იქით და არც დაფიქრებულა ოდესმე ამის შეცვლაზე.
გურჯაანის და
თბილისის სახლების ბენეფიციარებს ამ მხრივ გაუმართლათ. მათ არასდროს სჭირდებათ იმის
წარმოდგენა, რა ხდება გარეთ, რადგან ორგანიზაციის მიზანი სწორედ ისაა, რომ ეს ადამიანები
ადაპტირდნენ გარემოსთან და როდესაც მზად იქნებიან, გახდნენ საზოგადოების დამოუკიდებელი
წევრები.
***
თბილისის სახლის
ბენეფიციარი, გიორგი მაწვნის სუპს ამზადებს და მწვანილს წვრილად, მონდომებით ჭრის.
კითხვაზე „ხომ არ დაგეხმაროთ“ გაკვირვებული და ცოტა გაბრაზებული იხედება. სანამ წვნიანი
დუღილს დაიწყებს, ხილის მოსატანად მიდის. დაბრუნებული მსხალს და ვაშლატამას თეფშზე
ალაგებს და გვერდით სახლში მცხოვრებ მეზობლებთან გადააქვს. დათო უკან ფეხაკრეფით მიყვება,
თითქოს რაღაცას აშავებენ. უკან უკვე წელში გამართულები და ამაყები მოაბიჯებენ, სანაცვლო
ძღვენი - საზამთროს ნაჭრები მოაქვთ. დიდად კმაყოფილები ჩანან.
დიმა ამ ყველაფერს
თავისი სავარძლიდან აკვირდება, რურის სავარძელივით ელექტრო არაა და ვერც უბნის ბავშვებს
დაენიძლავება გასწრებაზე, მაგრამ ასეც არ უჭირს გადაადგილება, ხან აივანზე გავა, ხან
შიგნით შემოვა და ნარდის კიდევ ერთ ხელს ეთამაშება ვინმეს. ხელებზეც პრობლემა აქვს,
მაგრამ კამათელს მარჯვედ აგორებს. თბილისში სტუმრადაა, ისე გურჯაანში ცხოვრობს. თანამედროვე
ტექნოლოგიები აინტერესებს და უნდა, ამ მიმართულებით ისწავლოს, შემდეგ კი იმუშაოს, ამიტომ
ორგანიზატორებმა ის თბილისში ჩამოიყვანეს, რომ კომპიუტერულ კურსებს დაესწროს.
გიორგი და დათო
კი წირვაზე დასასწრებად ემზადებიან. მართალია, დათო გიორგიზე უფროსია (ერთ კვირაში
21 წლის ხდება და სათითაოდ, მონდომებით ეპატიჟება ყველას) მაგრამ ეკლესიიდან სახლამდე
გიორგის გარეშე ვერ მოაგნებს. გიორგიც არიგებს, იცოდე, ისევ მალე არ მთხოვო წამოსვლაო
და ურჩევს, დაიწყოს წასასვლელად მზადება. დათოც, თვითონ ირჩევს და იცვამს მაისურს,
რომლის ფერის ცნობაც ჯერ არ იცის, მაგრამ ნელ-ნელა აუცილებლად ისწავლის. ხელზეც ასისტენტის ნაჩუქარი ორფერიანი სამაჯური უკეთია და ყოველ ნახევარ საათში ერთსა და იმავე კითხვას
„აბა, ეს რა ფერია?“ მოთმინებით და ზოგჯერ სწორად, ზოგჯერ არასწორად პასუხობს.
რურის, რომელიც
თავს იწონებდა განსხვავებული ვარცხნილობით, ხოლო პანსიონატში მომვლელმა უთხრა, რომ
იმდენი დრო არ აქვს, ყველას ვარცხნილობაზე და მსგავს დეტალებზე დახარჯოს, ალბათ ამ
ბიჭების ძალიან შეშურდებოდა. "ხელი ხელს"-ის ასისტენტები ცდილობენ დაიჭირონ და წაახალისონ ყველა სიტყვა,
ფრაზა ან ქცევა, რაც ბენეფიციარების ინდივიდუალიზმს ავლენს. თუ რურის და მაიკლს მომვლელები
ჰყავთ, რომლებიც ყველაფერს მათ ნაცვლად აკეთებენ, დათოს, დიმას და ორ გიორგის ასისტენტები
ჰყავთ, რომელიც მათ ძირითად საქმეებში ეხმარებიან.
მაიკლს მომვლელი
ყოველ საღამოს კბილებს უხეხავს. როცა ცალკე გადადის საცხოვრებლად რურისთან ერთად, ის
თავისით, ბევრი სირთულის გადალახვით და ძალისხმევის დახარჯვით ცდილობს თვითონ გაართვას
ამ საქმეს თავი. გეგმავს, ცდილობს, არ გამოსდის, ბრაზობს, ყვირის, კიდევ ცდილობს და
სწავლობს. ასეთი გზის გავლა მოუწევს გურჯაანის და თბილისის სახლების მკვიდრებსაც. გაერკვევიან
რა უნდათ, ეცდებიან, გაბრაზდებიან, თავს დაანებებენ, დამშვიდდებიან, ისევ ეცდებიან,
დაგეგმავენ და ისწავლიან. საბოლოოდ, ისინი შეძლებენ მიაღწიონ განვითარების საკუთარ მაქსიმუმს
და მაიკლის მსგავსად, თითქმის დამოუკიდებლად გაართვან თავი საკუთარი ცხოვრების მართვას.
No comments:
Post a Comment