სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისადმი როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია. შესაბამისად, განსხვავებულია მიდგომებიც, რომლებითაც ამ ადამიანების სოციალური და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა ხდება.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და მათი პრობლემები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სოციალური პოლიტიკისა და კანონმდებლობის სფეროში, რადგან აღნიშნული ჯგუფი განსაკუთრებით მოწყვლადია სტიგმის, სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის საფრთხის წინაშე.
თანაბარი სასტარტო პირობები - განათლება, დასაქმება, რეკრეაციულ-დასასვენებელ აქტივობები, გარემო ინფრასტრუქტურა და ყველა საზოგადოებრივი სიკეთით სარგებლობა ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც უნდა დავიცვათ და უზრუნველვყოთ როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობით. ეს პირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული ფუნქციონირების საფუძველს შექმნის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ამ სფეროში ზუსტი სტატისტიკის არქონაა. "საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 3%-ს შეადგენს. მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყნების უმეტესობაში ეს რიცხვი 10% შეადგენს, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობის 15% შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირადაა მიჩნეული". ქართული მონაცემი დიდი ალბათობით ჩამორჩება რეალურ მაჩვენებელს, რაც მიუთითებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს იმ მინიმალური სოციალური დახმარებებით ისარგებლოს, რომელსაც ამჟამად სახელმწიფო სთავაზობს (მაგალითად პენსია, რომელიც თვეში 70-80 ლარს შეადგენს).
პრობლემათა მორიგ საწყისს წარმოადგენს სტატუსის მინიჭების საკითხი: არსებული შშმპ-თა სტატისტიკა ეფუძნება "შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს" მიერ სტატუსმინიჭებულ პირთა მონაცემებს, რომლებიც იღებენ შშმპ-თა პენსიას. თუმცა, იკვეთება შემთხვევები, როდესაც რეალურად შშმპ-ს არ აქვს სტატუსი. მისი არქონა შეიძლება გამოწვეული იყოს საბუთების მოუწესრიგებლობით, მშობლების, ოჯახის წევრების, მეურვეების ან თავად პირის სურვილით, რომ ჰქონდეს სხვა სტატუსი (საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეს მხოლოდ ერთი სტატუსის ქონის უფლება აქვს, აქედან გამომდინარე ხშირად, როდესაც პიროვნებას აქვს "ორმაგი მდგომარეობა", მაგალითად არის შშმპ და ხანდაზმული, ირჩევს ასაკობრივ სტატუსსა და პენსიას, რადგან ის მეტია შშმპ-ს პენსიაზე), ასევე მოქმედებს სტიგმისა და სტერეოტიპების ფაქტორიც, რის გამოც ხშირად მშობლებს არ სურთ თავიანთი შვილი იყოს სტატუსის მტარებელი. გავლენას რეგიონში ცხოვრების ფაქტორიც შეიძლება წარმოადგენდეს, რადგან ტრანსპორტირების ხარჯები არანაკლებ დაბრკოლებას ქმნის სტატუსის დამდგენ ორგანომდე მისასვლელად.
მორიგი ბარიერი არაადაპტირებული გარემოა: როგორც ზოგადად, ქუჩების ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისე საცხოვრებელი ბინების, სამუშაო, საგანმანათლებლო, და გასართობი დაწესებულებების მოუწესრიგებლობა. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ქართული გარემო მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა 2010-2012 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმასა" და "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სახელმწიფო კონცეფციაში" ხაზგასმული იყო გარემოს ადაპტირების აუცილებლობა, ამ დოკუმენტების ფაქტობრივი განხორციელების შედეგები ნაკლებად თვალშისაცემია.
პრობლემურია შშმპ-თა განათლების სფეროც: ბოლო რამდენიმე წელია მოხდა ინკლუზიური განათლების დანერგვა ქვეყნის 216 სკოლაში, მაგრამ კვლავ რჩება სკოლების დიდი რაოდენობა, სადაც ინტეგრირებული კლასებიც კი არ მოიპოვება, ხოლო უმაღლესი განათლება ფაქტიურად სრულიად ხელმიუწვდომელია არაადაპტირებული გარემოს, სასწავლო ლიტერატურისა და ინდივიდუალური სასწავო კურიკულიმების არარსებობის გამო.
თითქმის სრულად აუთვისებელია შშმპთა დასაქმების სფეროც. თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები იყო, როდესაც სახელმწიფომ ბიზნესი წაახალისა რათა მას შშმ ადამიანები დაესაქმებინა. ე.წ "სოციალური საწარმოების" (shelters) პრაქტიკა კი დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით ჯერ კიდევ არ დანერგილა ჩვენთან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე დაარსებულ მცირე საწარმოებს.
პრობლემების ჩამონათვალი შეიძლება დაკონკრეტდეს და "გამრავლდეს", მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა დასახვეწია, მაინც აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საკითხებზე, რომლებზეც მანამდე არ საუბრობდნენ დღეს საუბარი დაიწყო. მთავარია, პოლიტიკის შემუშავება მოხდეს საჭიროებებზე დაფუძნებით, რეალური შემთხვევების გათვალისწინებით და გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.
No comments:
Post a Comment