Monday, November 27, 2017

მებრძოლი დედის გულღია წერილი








მაია შიშნიაშვილი 

ფოტო ემი ვიტალე (Ami Vitale) National Geographic-ის ფოტოგრაფი და "ნიკონის" ელჩი


ვფიქრობ საიდან დავიწყო.  12 წელი მას შემდეგ, რაც ლეო გაჩნდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, ეს პატარა ადამიანი ჩემს შემდგომ ცხოვრებას გამომიძერწავდა. პირველი სამი წელი სიხარულთან ერთად, შფოთში, ფორიაქში გავიდა. მერე განაჩენი გამომიტანეს - შენი შვილი დამოუკიდებელი ვერასოდეს იქნებაო, მუდმივად დასჭირდება მხარდამჭერიო. ერთი კარგი მაინც იყო ამ ამბავში - გაურკვებლობა დასრულდა.
ლეოს ანგელმანის სინდრომი აღმოაჩნდა. როცა გავერკვიე სინდრომში, მივხვდი, მისი მდგომარეობის შეცვლა არ შემეძლო, კვლევები დღესაც მიდის. მკურნალობის გზებს ეძებენ. არადა უქმად ჯდომა ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო. რა მოხდებოდა მერე, როდესაც მე არ ვიქნებოდი? ვინ იზრუნებდა, ვინ მოუსმენდა ყურადღებით მას და აუსრულებდა სურვილებს? ჰოდა, მიზანიც გაჩნდა, ნელ-ნელა ფორმა მიიღო. ქვეყანაში უნდა გაჩენილიყო სერვისი, რომელიც ზრდასრულ შშმ პირებს ოჯახურ გარემოში ღირსეულ მხარდაჭერას გაუწევდა. მას ექნებოდა ოჯახური სიმყუდროვე, მას მოუსმენდნენ, მის არჩევანებს პატივს სცემდნენ და მიეხმარებოდნენ სურვილების განხორციელებაში. მოკლედ, მივხვდი, რომ გარემო უნდა შემეცვალა ისე, რომ ლევანჩოს ღირსეულად ეცხოვრა საზოგადოებაში და ამის გარანტი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო.
6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემს ჩანაფიქრს ხორცი შეესხა. პირველ სახლში, რომელიც გურჯაანში გავხსენით, ინსტიტუციებში მცხოვრები ადამიანები მივიღეთ. ამ ამბავმა, დროთა განმავლობაში გაცილებით მეტად შემცვალა. არც ამას ველოდი. თურმე ხალხი, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები, ახლობლები ტოვებდნენ და სახლიდან, საზოგადოებიდან აძევებდნენ იმიტომ, რომ განსხვავებულები იყვნენ. უფრო მეტიც, გარიყავდნენ ვითომცდა „უკეთ ზრუნვის“ საბაბით. საზოგადოებიდან იზოლირება ხდებოდა მათი, რადგან საზოგადოებაში ცხოვრება არ იცოდნენ. თითქოს ასწავლეს რამე და არ ისწავლეს! მაშინ გავიგე, რომ ინსტიტუციებში ძალადობდნენ. ინსტიტუციებში ხდებოდა ის, რაც ხდებოდა ნებისმიერ ე.წ. დახურულ სივრცეებში, მაგალითად ციხეებში. ამ ადამიანებმა მასწავლეს, რომ ძალადობაა არა მხოლოდ ფიზიკური, სქესობრივი, ვერბალური, არამედ ემოციურიც, ფსიქოლოგიურიც. ის რომ არჩევანის საშუალებას ართმევ (მაგ. მიირთვას ის, რაც უყვარს, ჩაიცვას ის, რაც მოსწონს, იმეგობროს მასთან, ვისთანაც უნდა, უყვარდეს ის, ვინც უყვარს, ოჯახი შექმნას მასთან, ვისთან ცხოვრებაც უნდა), ესიც ძალადობაა. და საერთოდ, ძალადობაა ის, რომ საზოგადოებაში დაბადებულს, მასში ცხოვრების საშუალებას ართმევ და ვითომცდა „ეხმარები“ იქ მოთავსებით, სადაც ცხოვრებას თვითონ არ ისურვებდი.
გამიგრძელდა სიტყვა. მოვბრუნდები ისევ იქ, სადაც დღეს ვართ. სერვისი რომელიც დავიწყეთ, მოდელი უნდა გამხდარიყო. ეს სერვისია ის, რომელიც შშმ პირებს ემსახურება სოციუმში ღირსეული ცხოვრებისთვის. ამ სერვისის გარშემო, უამრავი მშობელი შემოიკრიბა. ერთობლივი მცდელობით, სახელმწიფომაც დაინახა ამ სერვისის სიკეთე ადამიანებისთვის. 2017 წლის მარტში, ჩვენი ქვეყნისთვის ინოვაცია აღიარა და სახელმწიფო პროგრამაში გაითვალისწინა. ეს დიდი გამარჯვება იყო შშმ პირთა და მათი მშობლეთა, ოჯახის წევრთა თემისთვის. მაგრამ საკმარისი კია იმისთვის, რომ მოდელი ფართოდ დაინერგოს? ჯერჯერობით, ის მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის „ხელი ხელს“ პრაქტიკად რჩება.
რა არის საჭირო რომ განვითარებულ ქვეყნებში მიღებული საუკეთესო პრაქტიკა, ჩვენთანაც ფართოდ დაინერგოს? ამისთვის სახელმწიფოს გაცხადებული სურვილი ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისა საკმარისი არ არის. არც სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინება. ამ პრაქტიკას, გავრცობისთვის აქტიური ხელშეწყობა, როგორც ნათელი პოლიტიკური ნების, ასევე ფინანსური მხადაჭერა სჭირდება. დონორი, რომელიც „ხელი ხელს“ გვერდში ედგა, ფიქრობს რომ სერვისი არათუ დაინერგა, განვითარდა საკმარისად, რომ მიღებული გამოცდილება სხვებს გაუზიაროს და ახლა დროა, სახელმწიფომ ხელში აიღოს ამ პრაქტიკის ფართოდ დანერგვის სადავეები. მანამდე კი... მანამდე რჩება რისკი, ის 26 ადამიანი, რომლის საზოგადოებაში დაბრუნება შევძელით იზოლაციიდან, უკან დაბრუნდეს (!!!). ამის წარმოდგენაც კი მზარავს! შეცვლილი ადამიანები, სიამაყედაბრუნებულები, წელში გამართული, დასაქმებული და რეალიზებულები, ადამიანები რომლებსაც მეგობრები ყავთ, რომლებსაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა უყვართ - დაბრუნდნენ იქ, საიდანაც თავი დააღწიეს. იქ სადაც სისტემა ძალადობს ადამიანის ნებაზე! ამის დაშვებაც კი მთრგუნავს.
გადავწყვიტეთ ვიბრძოლოთ მათთვის, არა მხოლოდ რეალიზებული ოცნებისთვის, არამედ უკვე რეალური, „ხელი ხელს“ სახლებში მცხოვრები ადამიანებისთვის - დათოსთვის, გიოსთვის, ნათიასთვის, გრიგოლისთვის, ვალოდიასთვის, ნათიასა და გოჩასთვის, თამარასთვის... ჩემი შვილისთვის, ჩემი თანამებრძოლი მშობლების შვილებისთვის.
ეს პირველი ნაბიჯია. ბრძოლას ლამაზად ვიწყებთ - საფორტეპიანო მუსიკის საქველმოქმედო კონცერტით, შემდეგ ჩვენს მიერ დამზადებულ გადასარევ ჩურჩხელებს გავყიდით, პირველად მოწეულ თაფლს, ამის შემდგომ კი წლის განმავლობაში უამრავ სიურპრიზს შემოგთავაზებთ - მოგროვილ თანხას კი ჩვენი მცხოვრებთა დასაბინავებლად გამოვიყენებთ. ჯერ ერთ სახლს ვიყიდით, იქნებ მეორეც - ქვეყანაში მზარდი სოციალური პასუხისმგებლობის შედეგად, ამასობაში კი ქვეყანაში დეინსტიტუციონალიზაციის რეალური მხარდაჭერა იმედი გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან.
მოკლედ, 30 ნოემბერს მნიშვნელოვანი დღეა - პირველი სახლის საყიდლად და 5 ადამიანის საზოგადოებაში გარანტირებული ცხოვრებისთვის, სანდრო ცომაია საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს გამართავს. კონცერტამდე ლაშა ბუღაძე მცირე ლექციას შემოგვთავაზებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მუსიკაზე; კონსერვატორიის მცირე დარბაზის ფოიეში ფოტო-გამოფენა მოეწყობა. თუ ფიქრობთ, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების ღირსეული ხელშეწყობა შეგიძლიათ, იყიდეთ ორი ბილეთი - ერთი თქვენთვის, ერთი თქვენი მეგობრისთვის - მიიღეთ სიამოვნება და დააბინავეთ გიორგი, პეტრე, ნათია, ქრისტო და თამუნა

#ხელიხელს
#ჩვენვაშენებთსაზოგადოებას

#ჩვენვყიდულობთსახლს

No comments:

Post a Comment