ფოტო - ემი ვიტალე
ცოტახნის წინ, დავიწყე ამბის მოყოლა, რომელსაც „შეხვედრა დამოუკიდებლობასთან“ დავარქვი. ეს არის პროცესი, როცა პეტრე და გიო (იგივე კალა) თავიანთ თითოეულ ფეხის გადადგმას ცხოვრების წინგადადგმულ ნაბიჯად აქცევენ. ნაბიჯების გადადგმას ერთად ვცდილობთ, ისინი დამოუკიდებლობას სწავლობენ, ჩვენ - მათი შესაძლებლობების ნდობას.
ჩვენი ბიჭები სოციალურ საწარმო „კოდალაში“ მუშაობენ. კოდალებივით ხეს უკირკიტებენ, ოღონდ კაკუნის მაგივრად აფერადებენ და ბოლოს არაჩვეულებრივ ფაზლებს ქმნიან.
თავიდან მათთან ერთად მივდიოდით, ვსწავლობდით გზაზე გადასვლის წესებს, ვიმახსოვრებდით მეტროს სადგურებს, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და სამსახურამდე არსებულ შენობებს. მალე შევამჩნიეთ, რომ ბიჭები, შეხსენების გარეშე, სწორ მიმართულებებს ირჩევდენ. ეს უკვე გამოწვევა იყო, ცხოვრება მათ იწვევდა, მარტოებს, მყარი სიარულით თავდაჯერებულებს.
ერთ დღეს, ერთ-ერთმა ასისტენტმა მიიღო ეს გამოწვევა. შექმნილი ამბავი, რომ რუსთაველის მეტროდან სხვაგან უნდა წასულიყო, მოქმედებაში მოვიდა. ბიჭები მეტროდან დამოუკიდებლად უნდა წასულიყვნენ. ალბათ ჩვენი ასისტენტი ძალიან გავდა რეზიკოს ბებოს, ფილმიდან „თოჯინები იცინიან“. უკან გაყვა, თვალი ჩუმ-ჩუმად ადევნა მათ სწორ ნაბიჯებს.
ასე ვიქცეოდით რამდენიმე კვირა.
ერთ დღეს ბიჭებს ვუთხარი, რომ სხვადასხვა ვაგონში შევიდოდით, რომ ჩემი არსებობა უფროდაუფრო შეუმჩნეველი ყოფილიყო, აღელვებამ და ინტერესმა ერთდროულად გამოანათა მათი თვალებიდან. პირობა ერთი იყო, მათ შეეძლებოდათ ჩემი დანახვა მეორე ვაგონიდან. მატერებელი დაიძრა, თვალს ჩემსკენ ჩუმად აპარებენ და კმაყოფილებას ვერსად მალავენ. მოსოწნთ.
ვრეკავ დიდუბეში და კალას ვეუბნები :
მე - გიო, მე შემდეგ გაჩერებაზე ჩავდიარ, აბა თქვენ იცით.
კალა - კარგი, რუსთაველზე ჩამოვდივართ ხო? (მაინც ამოწმებს)
მე - კი გიო.
კალა - კაი, აბა დროებით.
მე მხოლოდ ადგილი შევიცვალე, არსად არ ჩავსულვარ. ვუყურებდი რუსთაველზე როგორი ჩქარი ნაბიჯით გამოვიდნენ, უკან გავყევი და ჩემს სიხარულს, სიამაყის გრძნობას საზღვარი არ ქონდა. ეს ნაბიჯები ბიჭებმა და ჩვენ - ასისტენტებმა ერთად გადავდგით, ფრთხილად, ჩვენი ნაბიჯები გავამყარეთ, თითქოს ხელი ხელს მოვკიდეთ და საჭირო მომენტში მათ ხელის მიშველებაც აღარ დასჭირდათ.
ერთ შაბათს, მორიგ წასვლაზე, თავადვე მითხრეს მეტროშიც აღარ ჩამოხვიდე, ჩვენით წავალთო. მეც ვიცოდი რომ შეეძლოთ. ახლა მხოლოდ ერთმანეთს ვურეკავთ, როგორ მივიდნენ სამსახურამდე, მერე კარგი, ნაყოფიერი დღის სურვებას ვცვლით და ვემშვიდობებით.
კარგია, როცა გვერდით სანდო ხალხი გვყავს, ვისაც შეგვიძლია დავეყრდნოთ. პირველ რიგში, ისინი საკუთარი თავის ნდობას სწავლობენ. ნელნელა მცირდება მათი სიტყვების კონაში „არ შემიძლია“, რომელსაც ერთად ვაქრობთ, უკვალოდ ვშლით.
დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობების აღებასაც გულისხმობს. ჩვენებმა ესეც იციან. იციან, რომ გადაწყვეტილებებს შედეგები მოაქვთ და რომ შედეგებზე პასუხიმგებლებიც თავად არიან.
ჩვენ სიარულს არ ვწყვეტთ, მალე სირბილსაც შევძლებთ და ბოლომდე ჩავერთვებით ცხოვრებისეულ რბოლაში, თანაბრად კონკურენტუნარინები. და ისევ გიამბობთ ამბავს, რომელიც დაიწყება ასე : „კიდევ ერთი შეხვედრა დამოუკიდებლობასთან“.
"ხელი ხელს" #ასისტენტის დღიური
თაკო ღარიბაძე
No comments:
Post a Comment