ერთი წლის წინ დავმეგობრდით. ბევრი ვიარეთ ერთად, გავიზარდეთ ერთად, მაგრამ რაღაც უცვლელად
შემოგვრჩა, მაგალითად
მათთან სახლში შებიჯებისას გიორგის, ღვინიაშვილის, (ღვინიას) საგებარი სიტყვები:
- როგორ
მომენატრე შე მაიმუნო შენა!
ან მაგალითად დათოს საგებარი სიტყვები:
- მე და გიორგიმ გუშინ სახლი დავალაგეთ, ხო ეტყვი ყველას?!
ნუ დათოს თუ წვერი აქვს გაპარსული ჯერ სურათის გადაღებას
მთხოვს, რომ
ფეისბუკზე დადოს,
მერე იმას რომ ყველას ვუთხრა და მერე მოსალმება.
გიორგი ალიაშვილი დილით ძირითადად სასეირნოდ გამოდის, შორიდან მამჩნევს, ხელს მიქნევს, თან ჩემსკენ მოდის.
გაბადრულ სახეზე ვატყობ ხოლმე, რომ მოვა, ხელკავს გამომდებს
და მომიყვება მისი კვირის ამბავს ან გეგმას თუ როგორ გააბედნიეროს ბავშვები. თუ საქმე ბავშვების
გაბედნიერებას ეხება საუბარს დაიწყებს სიტყვებით : ‘’რეზი, მე როგორც ბავშვების
პრეზიდენტმა..’’
მაგრამ ამავე გიორგისგან ასევე მსმენია სიტყვები: იცი რეზი, ცხოვრება
ტანჯვაა
მაგალითად, ღვინია როცა მის რომელიმე ეპიზოდს მიყვება,
თუ როგორ ცხოვრობდა თავშესაფარში, არ ამთავრებს. შეწყვეტს. ცოტა ხნით ჩუმდება. თავის
ოთახში გადის. რაღაც დროის მერე გამოდის და მიყვება სასაცილო ისტორიას. მაგალითად თუ
როგორ ჩაუვარდა ერთხელ სათვალე სუპში.. თითქოს არც არაფერზე გვესაუბრა წუთის წინ.
დათო მის მომზადებულ სუპსაც მთხოვს სურათი გადავუღო,
რომ ასევე ფეისბუქზე დადოს. მეუბნება, ბევრი იმიტომ მოვამზადეთ, ხვალ „ბაბალედან“ რომ
დავბრუნდებით დაგვხვდება საჭმელი.
სოციალურ საწარმო ‘’ბაბალეში’’ მალე დამოუკიდებლად დაიწყებენ
სიარულს, აითვისენ გზა კარგად და ახალი დამოუკიდებელი ნაბიჯებით აღნიშნავენ ახალ წელს,
დარწმუნებული ვარ.
ამავე სოციალურ საწარმოში დადიან ჩვენი მეორე სახლის
გოგოები თამუნა და ქრისტო.
თამუნა პატივს ცემს ჩემს ქუთაისელობას და იცის როგორ
მომესალმოს
- როგორა ხარ ჩემო ძამია?
- კარგად დაია, თვითონ რავა ხარ?
ასეთია ჩვენი მისალმება. და მასთან საუბარში რამე ისეთი
სიტყვა თუ გავაჟღერე, რომელიც მისთვის შეიძლება სიმღერასთან ასოცირდებოდეს, მაგალითად
ალუბალი, წაუმღერებს იქვე ‘’შავ ღვინოში ალუბლები ბანაობეენ’’. ერთხელ ქრისტოს დავუძახე
‘’ქიტო’’ და იქვე მიამღერა ‘’ქიტო გვრიტო ქიტო მარგალიტო’’.
ქიტოც ქუთაისში გაიზარდა და ხშირად უსვამს ხაზს ჩემთან
საუბარში, ან როცა მესალმება
- როგორა ხარ ქუთაისელოო?
ჩვენი მესამე სახლიდან პეტრე და გიორგი უკვე დამოუკიდებლად
დადიან, ასევე სოციალურ საწარმო, ‘’ კოდალა’’-ში, ანაბარიც გახსნეს ბანკში, და „მაკდონალდშიც“
გეახლებიან საკუთარი ხელფასით. მერე რა, რომ გიორგი ’’ხეფი-მილს’’ უკვეთავს ან ‘’ხამბურგერს’’.
პეტრეს თუ უნდა რომ დაგპატიჟოს და ეტყვი
- არ მიყვარს „კოკა კოლა“
-არგიყვარს გოგო კი არაა კაცო, დალიე ახლა
გრიგოლს უყვარს „კოკა კოლა“. გრიგოლი ასევე მესამე სახლში
ცხოვრობს, პენსია არა აქვს და არ მესმის რატომ უნდა გვჭირდებოდეს ‘’ომი’’,რომ კუთვნილი
პენსია მიიღოს გრიგოლმაც და დათომაც. მრავალი ‘’ომი’’ გვაქვს განვლილი დანარჩენი ჩვენი
გოგო-ბიჭებისთვის და ამასაც გადავლახავთ, მაგრამ ჯერჯერობით არა აქვს და ბიჭები უწვდიან
ხელს. ამიტომ უკვე შეუყვარდა „კოკა კოლაც“, ხეფი მილიც და ხამბურგერიც.
ხელს მეც მიწვდიან, როცა მაგალითად შემოდგომის სურდო
შემყრია, ლიმნიანი ჩაი მინდა არმინდა დათო მასმევს, ან ღამით ჩამძინებია დივანზე და
დილით დივანზე საბანში გახვეულს გამღვიძებია. მეზობელთანაც, ერთი კედელი გვყოფს და
იმათ დაცემინებაზე აქედან უსურვებს ღვინია ჯანმრთელობას, მერე ისენი იქედან მადლობებს
გვიხდიან და ასე.. ასე, გავიდა ერთი წელი რაც დავმეგობრდით..
ბევრი ვიარეთ ერთად. გავიზარდეთ ერთად. ვუჭერთ ერთმანეთს
მხარს, გვახსოვს ერთმანეთი სიხარულშიც და მწუხარებაშიც. ნუ, არაფერი განსხვავებული
რასაც მეგობრები ან ოჯახის წევრები არ ვაკეთებთ ერთმანეთისთვის, ერთმანეთს უბრალოდ
ვსაჭიროებთ ადამიანები. რად უნდა დათოს ფეისბუკზე სურათის ატვირთვა ან რად უნდა გიორგის
‘’ბავშვების პრეზიდენტობა’’
რადგან ‘’შენს გარეშე ჩემს ყოფას დიდად არა აქვს აზრი’’
რეზი ქამუშაძე
#ხელიხელს #ასისტენტისდღიური
No comments:
Post a Comment