Sunday, July 16, 2017

კინოს ამბები და არამარტო - #ასისტენტისდღიური

ყოველი დღე თითოეული ადამიანისთვის შეიცავს დეტალს, რომელიც რაიმე ახალს გვასწავლის. მაგ: თუ დღის განმავლობაში არაფერი გავაკეთე, ვისწავლე, რომ არაფრის კეთებით ვერაფრს მივიღებ.


ეს პარასკევი  ნამდვილად არ გავდა დღეს, რომელიც არაფერს დაგვიტოვებდა. ჩვენი ბიჭები, პეტრე და გიო, თავისი სურვილით არჩეულ ფილმზე, კინოში წავიყვანე.
ოხ, როგორ მელოდებოდნენ... როგორც ჩანს, ადრე გაიღვიძეს. პეტრეს მოესწრო თავისი ხელით დათესილი პომიდვრებისთვის ხელის შევლება.  2 კვირის წინ, პომიდვრის ყვავილს სიფრთხილით შევციცინებდით. პეტრე ისე უვლიდა, თითქოს პროცესის დაჩქარებას ცდილობდა. უნდოდა ნაყოფი მალე ენახა. ჰოდა, ეზოში შესვლისთანავე გახარებულმა მისი წილი სიხარული მეც გამინაწილა - “თაკო, მოისხა”.
ბედნიერები, სხვა გამოცდილებების მისაღებად, სახლიდან გამოვედით.
გზაში გადასასვლელებზე ყურადღებას ვიკრებთ. ზებრის არსებობას ისევ ვიხსენებთ. საჭირო გაჩერებას ვიმეორებთ. მშვიდად ვმგზავრობთ. მეტროში პეტრემ გადაწყვიტა, რომ არ დაჯდეს და ხელი არაფერს მოკიდოს. ვურჩიე, ხელი მოკიდე, თორემ შეიძლება წაიქცეთქო. მასაც, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანს, სარწმუნო ფაქტად საკუთარი გამოცდილება ურჩევნია. რამდენიმე წაბორძიკების შემდეგ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენი გაჩერება - თავისუფლება. გიო მეუბნება, რომ ეს მათი სამსახურის გზაცაა. კარგია! იმახსოვრებენ. ამით დამოუკიდებლობის ერთერთ სახეს უახლოვდებიან და მალე პირისპირ თავისუფლად შეხვდებიან.
გზაში საუბრებით აღმოვაჩინეთ, რომ კინოში ყველა ნამყოფია, მაგრამ  3D-ში ფილმი პეტრეს არ უნახავს. გავამხნევე, იმდენი ხანია არ ვყოფილვარ, თითქოს მეც პირველად ვუყურებთქო.
ფილმი ყველას ძალიან მოგვეწონა, მათ შორის ჩვენს მოხალისეს, რომელმაც საზაფხულო პერიოდის საინტერესოდ გატარება გადაწყვიტა. ჰოდა, ჩვენც იმედები რომ არ გაგვეცრუებინა, კინოდან სახლში დავპატიჟეთ.

პეტრე - რამხელა ტელევიზორი იყო. სავსე ფული უნდა გქონდეს სახლში რო დააყენო
მე - კი, ძაან დიდი ტელევიზორი იყო. სავსე ფული რას ნიშნავს?
პეტრე - ბევრი რო გქონდეს.
მე - აჰა, გასაგებია. კი, მაგხელა ტელევიზორს ბევრი ფული უნდა.
....
სასიამოვნო განწყობები სახლამდე მოვიყოლეთ. ვინ დაჯდებოდა ასე უბრალოდ , ჩვენს მწვანე  ეზოში? - არც არავინ. ბურთით ხელში ყველა წრეშიბურთის სათამაშოდ მოემზადა. პეტრე ცდილობს თამაშის სახელწოდების გამართლებას და წრეში მდგომი, ბურთის ასაცილებლად, რაც შეიძლება დიიიდ წრეებს აკეთეებს,, მაგრამ თამაში - თამაშია და „დაჭრებს“ სიცილით ხვდება.

საღამოს,  სტუმარს კმაყოფილები ვაცილებთ. ვსხდებით ყავით ხელში.

პეტრე - თაკო, ნახე რა ჩუმად დავლიე?
მე - არაფერი გამიგია. საერთოდ. ყოჩაღ.
პეტრე - დიდი ტელევიზორი რო იყიდო უნდა ააგროვო, ააგროვო და მორჩა.
მე - კი, ან შეგიძლია განვადება გააკეთო.
პეტრე - განვადება? რა არი განვადება? აბა მითხარი
...
თითქოს როგორი მარტივი საუბრებია. არადა,  ასეთი  მნიშვნელობებით სავსე   დიალოგებს იშვიათად თუ ნახავთ. პეტრე იქმნის აწმყოსა და იმედისმომცემ  მომავალს. მომავალს, რომელშიც ყიდულობს საკუთარ ტელევიზორს, პლანშეტს... საკუთარი პენსიითა და უკვე, საკუთარი - ხელფასით.
პირველი ხელფასით გამოწვეულმა შეგრძნებებმა, დილისადგომით გამოწვეული სიზარმაცე გააუჩინარა. ალბათ, უკვალოდ.
ერთხელ მითხრა, რომ ადრე სახატავ საშუალებებს საჩუქრად აძლევდნენ, მაგრამ ერჩია ფული დაეხარჯა : „ ქე მაინც მე ავარჩევდი“.

ჩვენი საუბრები, აივნიდან სახლში გაგრძელდა.
გარეთ, ჩვენი კიდევ ერთი მცხოვრები, გრიგოლი დარჩა, ჩემი მობილურით ხელში. სიმღერებს უსმენს... და როცა გონია, რომ მის გარშემო  არავინაა, ის იწყებს ღიღინს, სიმღერებს ყვება. ბიჭი, რომელიც, თითქოსდა ვერ საუბრობს, ჩვენთან ამღერდა


#ხელიხელს #ასისტენტისდღიური
#თაკოღარიბაძე



No comments:

Post a Comment