აღშფოთებული ირმა სოხაძის წერილი წავიკითხე. მისი შვილი (ჟურნალისტი სალომე ასათიანი) პროფესიული და არაპროფესიული კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს. კრიტიკა არაპროფესიულიც კი, თითქოს რაღაცას გასწავლის და სასარგებლოა. აი ლანძღვა-გინება
, გარეგნულ „ნაკლზე“ (ბრჭყალებში ვსვამ იმიტომ, რომ ჩემთვის ეს ე.წ. ფიზიკური ნაკლი ისეთი პირობითი გახდა, რომ ვეღარც ვხედავ ხოლმე და არც მახსენდება ასეთი სიტყვა) კი რთული გადასატანია, დედას პირდაპირ გულში გხვდება, გულს გიკლავს, გონებას გიბინდავს და ტკივლის გაყენებს, აღგაშფოთებს და რა ვიცი კიდევ რამდენი წინააღმდეგობრივი ემოციის მორევში გითრევს. ნეტა იცოდეს ქალბატონმა ირმამ, როგორ მესმის. არადა, სალომესი არ იყოს, მეც მივეჩვიე თითქმის და აღარ მეხება თითქოს, როდესაც ვიღაცას, დებილს, გონებრივად ჩამორჩენილს, კრეტინს, იმბეცილს და რა ვიცი რას აღარ ეძახიან. აბა რა იციან მე რომ განვითარების შეფერხების მქონე შვილი მყავს. რა იციან, თუნდაც ირმასნაირმა გულდაკოდილმა დედებმა, რომ შვილის „ნაკლზე“ მითითებით აღშფოთებულნი სხვისი შვილების „ნაკლს“ სალანძღავად, დამაკნინებლად მოიხსენებენ.
ისეთივე შემართებითა და გულანთებით თელავენ ჩვენი, „ნაკლიანი“ შვილების დედების სულს, გულს და გონებას, როგორითაც თავიანთი გადაუთელეს.
მე
კი მივეჩვიე. მეტკინა, მაგრამ ვერ აღვშფოთდი. მხოლოდ იმას ვცდილობ მე ვიმეცადინო, ვისწავლო
და გამომდის კიდეც. დიდი ხანია ადამიანებს მხოლოდ მათი ცხოვრება-მოღვაწეობის შედეგით
ვაფასებ - ვინმეს არგო? გაიღო, გაიხარჯა გვერდში
დგომისთვის? აბა სხვა რაში გვარგია ვინმეს მაღალი IQ, ან თანამდებობა, ან ფული, ან ე.წ. ეს გაურკვეველი „წარმატებულის“
თუ "მაგარის" სტატუსი? ჰოდა, წარმოიდგინეთ, ჩემი „გონებრივად ჩამორჩენილი“ შვილი მთელს
ინტელექტუალურ სამყაროს მირჩევნია. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი შვილია. ალბათ, ყველა დედა ასეა. თუმცა, არის კიდევ რაღაც. ვინც ლევანჩოს იცნობს, მიხვდება და გაიგებს - დიდი
გული აქვს, სიყვარულით სავსე. ვერ ლაპარაკობს, მაგრამ როდესაც გეფერება ადამიანს, ამჩნევ,
რომ დიდი სიყვარული და სითბო უნდა რომ მოგცეს, გაგამხნევოს და გაგაძლიეროს. თვეების
იყო, ეს თვისება რომ გამოამჟღავნა. კიდევ მეტსაც ვისაუბრებდი არა მხოლოდ ჩემს შვილზე,
არამედ იმაზე, რომ ადამიანი, მისი სიყვარულით, სიკეთით, სხვა ადამიანზე ზრუნვით თუ
დაფასდება თორემ, ნეტავ რად უნდათ სიყვარულისგან დაწრეტილი მაღალი IQ-ს გაფეტიშება? ასეთ
თვისებაზე საშიში, მე ჯერ არაფერი მინახავს..
სხვა მხარეს წავედი,
მთავარი კი ისაა, რომ ჩემი შვილი განვითარების შეფერხების მქონე ადამიანია და მისი
ამ მდგომარეობის სალანძღავ სიტყვად გამოყენება ჩემს შვილს დაუმსახურებელ შეურაცხყოფას
აყენებს. მას თქვენთვის არაფერი დაუშავებია. ბოდიში მოუხადეთ ჩემს შვილს. თქვენს შვილს
კი კომპლიმენტი უთხარით, რომ გაარღვია ჯადოსნული წრე და რაღაც სხვა გვაჩვენა მედია
სივრცეში
დამატებითი ინფორმაციისთვის ირმა სოხაძის განცხადება
დამატებითი ინფორმაციისთვის ირმა სოხაძის განცხადება
მაია შიშნიაშვილი -
No comments:
Post a Comment