Wednesday, February 25, 2015

„ვერ შემოგიშვებთ, ვერც მოგაქირავებთ“


ჩემს თავს დავუსვი კითხვა: ნუთუ ამდენი ბრძოლა, ამდენი შრომა წყალში მეყრება? არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი თანამშრომლების, მეგობრების, დამფინანსებლების და უბრალოდ იმ ხალხის, რომელსაც ამ იდეის სჯერა. ასე დასრულდება ვითომ ყველაფერი? ხვალ იქნებ კითხვაც არ დავსვა და ეჭვიც ხუთი წუთის შემდეგ გამიქრეს, მაგრამ უკვე მეორე დღეა ეს კითხვა, რომელიც ამ წუთში პირველად დავუსვი თავს ხმამაღლა, მაფორიაქებს... 
მარტივი ამბავია - სახლებს ვეძებ, ნუ ბინებს, რომ ვიქირავოთ. სულ სამს, 12 შშმ პირი გვინდა განვათავსოთ, ვისაც მეტი დამოუკიდებლობა და ადამიანური ცხოვრება უნდა, მაგრამ სახლი არ აქვს და შესაბამისი ე.წ. 24 საათიანი მხარდამჭერი მომსახურებაც ესაჭიროება. ასეთი სახლები უკვე გვაქვს გურჯაანში, პირველი ოჯახური საცხოვრებლები ჩვეულებრივ ქალაქში, ჩვეულებრივ სამეზობლოში. იდეამ გაამართლა - დღეს იქ
ინსტიტუციებიდან (პანსიონატებიდან და თავშესაფრებიდან) გამოსული 15-მდე ადამიანი ცხოვრობს 3 ოჯახში. სხვებისთვისაც კიდევ ერთხელ რომ გვეჩვენებინა, რომ შშმ პირებს, მიუხედავად მათ ფიზიკური თუ ინტელექტუალური მდგომარეობისა, არა მარტო  უფლება აქვთ, არამედ შეუძლიათ კიდეც საკუთარი ცხოვრების წარმართვა ადეკვატური მომსახურების პირობებში, გადავწყვიტეთ თბილისშიც გაგვეხსნა მსგავსი მომსახურებები...
ერთი წამით უკან გადავხტები დროში: გამახსენდა, ადრე, გურჯაანში სტუმრობისას მეკითხებოდნენ ხოლმე, მეზობლებთან როგორი ურთიერთობა აქვთო, იღებენ თუ არა ისინი შშმ პირებსო, ნეგატიური დამოკიდებულება ხომ არ აქვთო. მე პასუხად მხრებს ვიჩეჩავდი, მსგავსი არაფერი გამიგია მეთქი. თუ არ ჩავთვლით შემთხვევებს, რომლებიც ნებისმიერ სამეზობლოში ხდება ხოლმე ადამიანებს შორის, მიუხედავად მათი სტატუსისა. აი, ამას ვიხსენებ და ეხლა ვხვდები, კითხვა რატომ ისმებოდა. ვხვდები, რომ მაინც ეუცხოვებოდათ თემში ამ ადამიანების ცხოვრება..
ვერ მივხვდი, სტერეოტიპების სიღრმეს ვერ ჩავწვდი და აი, სწორედ ამის გამო ვარ ეხლა აფორიაქებული. თბილისში, თითქოს ქალაქში, რომელიც უფრო წინ უნდა იყოს თავისი ტოლერანტობით და მიმღებლობით განსხვავებულის მიმართ, ვიდრე გურჯაანი, უკვე მერამდენე კვირაა სახლი/ბინა ვერ ვიშოვეთ ქირით! და რატომ, გაინტერესებთ? იმიტომ, რომ შშმ პირებისთვის მიქირავება არ უნდათ! „ვერ შემოგიშვებთ, ვერც მოგაქირავებთ“ - ეს ხან პირდაპირ გვითხრეს, ხან მიკიბ-მოკიბვით, ხან კიდევ ისეთი რამ მოიმიზეზეს... მიუხედავად მრავალჯერ დასმული კითხვისა ვპასუხობდი, რომ შშმ პირები მარტო არ იქნებიან (რომც იყვნენ რა მოხდა?) და დამხმარეები ეყოლებათ. ზოგი უხეშად, ზოგიც მორიდებით იძვრენს თავს შექმნილი „უხერხული“ სიტუაციიდან და საუბარიც ბინის მოქირავებაზე უშედეგოდ მთავრდება.
ჰოდა, ეხლა, ვწერ და ვფიქრობ, რა იქნება ხვალ? რა გაალღობს, რა გაადნობს, რა გაათბობს, ამდენ სიცივესა და სისასტიკეს? და რა მოხდა თუ ეს სისასტიკე „ბოროტებით“ არ მოსდით ადამიანებს? და რა მოხდა თუ ეს სისასტიკე უცოდინრობით, ან არასწორი ინფორმაციით ნაკვებია?  და რა მოხდა თუ ეს სასტიკი ადამიანები ვერც ხვდებიან რომ სასტიკები არიან? ვერც ხვდებიან, ასეთი საქციელით როგორ კვეთავენ შშმ პირებს, როგორც უზღდავენ მათთან და სხვა ადამიანებთან მიახლოვების შანსებს? ნელ-ნელა ისევ სეგგრეგაციისა და იზოლირებისკენ უბიძგებენ, ინსტიტუციისკენ მიერეკებიან ადამიანებს, რომელთაც გადაწყვიტეს ბარიერები გადაელახათ და უკან, საზოგადოებაში დაბრუნებულიყვნენ..

 ახლა გვიანია, ეს ერთი, დამძმებული დღეც გავლიე.. არ ვიცი რა იქნება ხვალ... იქნებ გათენდეს და სასწაული მოხდეს.

/ მაია შიშნიაშვილი /

1 comment:

  1. ესენი ხო ხალხი არ არიან : |

    ReplyDelete