მაია შიშნიაშვილი, 45 წლის, თბილისი
"ეს მეც გარკვული პერიოდის შემდეგ აღმოვაჩინე - რომ არა ჩემი შვილი, ბევრ რამეს არ გავაკეთებდი ისე, როგორც გავაკეთე და სხვაგვარად გავაგრძელებდი ცხოვრებას...
ლევანჩო არის პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი შვილი. მალე 12 წლის ხდება და მას ინტელექტუალური განვითარების შეფერხება აქვს.
მისი პრობლემები დაბადებისთანავე არ გამოვლენილა. ყოველშემთხვევაში, მე ეს არ შემიმჩნევია. არც არავის უთქვამს. თუმცა მოგვიანებით, ერთი თვის ასაკში, საავადმყოფოში მოვხვდით. წლების მერე გავიგე, რომ იმ სინდრომს, რაც ლევანჩოს დაუდგინდა, პირველივე თვის განმავლობაში ახასიათებს ის პრობლემები, რაც შეგვხვდა. რამდენჯერმე მოვხვდით საავადმყოფოში, მაგრამ მიზეზი არ ვიცოდით. დიაგნოზი არ გვქონდა და გვეგონა გამოვძვერით. 6 თვის შემდეგ, პრინციპში, მწვავე ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვს არ ჰქონია და ექიმისთვის აღარც მიგვიმართავს.