Sunday, February 7, 2016

ქვეყანა, სადაც უპრობლემო ადამიანები უყვართ

12080166_10201312168163882_4622300720394119981_o
რამდენიმე წლის უკან ჩემი შვილის სინდრომის განკურნების გზა იპოვეს – თაგვებში. კვლევამ ადამიანებში ვერ გადმოინაცვლა. „წამლის“ ტვინამდე მიყვანის გზები ვერ იპოვეს.
გუშინ წავიკითხე, სულ ახლახან  ერთი ასეთი სატრანსპორტო საშუალება აღმოუჩენიათ – კვლევა კვლავ თაგვებში ჩატარდა. ალბათ უნდა მიხაროდეს. ეს ნიშნავს, რომ ოდესმე ადამიანებს განკურნავენ სინდრომისგან, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ყირაზე აყენებს და  მძიმე ჯანმრთელობისა თუ სოციალურ-ეკონომიკური, კომპლექსური პრობლემები ახლავს თავს, საიდანაც გამოსავლის პოვნა ძალიან რთულია.
უნდა მიხაროდეს, მაგრამ სიხარულს ვერ ვგრძნობ, იმდენად შორეული პერსპექტივაა. დღეს უფრო ის მაღელვებს, რომ არ ვიცი ლევანჩოს უკვე ღრმა განვითარების შეფერხებას რა ვუყო?  როგორ მოვემზადოთ მეტი დამოუკიდებლობისთვის? რა იქნება სულ რამდენიმე წელიწადში? საოჯახო ტიპის სერვისი, რომელიც მისი ცხოვრების მხარდამჭერი უნდა იყოს, იქნება საკმარისად განვითარებული ქვეყანაში? ეს ის თემებია, რომლებზე ფიქრი გიწევს მაშინ, როცა კიდევ უფრო მწვავე საკითხები მიყუჩებულია – მაგ. ეპილეფსიის გამწვავება, წამლის სამკურნალო დოზის უკეთ შერჩევა, მხედველობის გაუმჯობესება – სათვალის მორგება და მისი უსაფრთხოება, სკოლაში ტარება, ცურვა? რამდენი ხანია ვერ მომიხერხებია შევიყვანო ერთადერთ სპორტული აქტივობაზე, რომელიც უალტერნატივოდ უყვარს, გიჟდება ჩემი ბიჭო.. მე კი…
ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ… ვაწყდები აქეთ იქით, და უფრო მეტად ვიხლართები, უფრო მეტად ვირევი. რაზე ვიფიქრო?  სამსახურზე? ორგანიზაციისა თუ სერვისის განვითარებაზე? ლევანჩოს საჭიროებებზე? უფ, დამავიწყდა – რადგან საჭიროებების რევიზიას ვაკეთებს ბარემ – მეც ხომ ვარსებობ? ე.ი. მეც რაღაცები მჭირდება, ალბათ..
დავიღალე და ალბათ, ამიტომაც ჩავვარდი საწოლში უფრო დიდი ხნით, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ბანალური გაციებისას. ვზივარ სავარძელში ახლა და წერა მიჭირს. ფიქრი ფორმას ვერ იძენს. არადა ვიცი. ვიცი, რომ გამოსავალი ჯერ არ მიპოვია და ყველაფერი ამის ბრალია. ან უფრო პასუხის დანახვა არ მინდა (?).
არადა ვიცი, რომ ბევრი რამის გადაწყვეტა მეტ დროს მოითხოვს – მეტ თავისუფალ დროს. თავისუფალი დრო კი ფუფუნებაა. ის ძვირი ღირს. ის ღირს იმდენი, რამდენიც ხელფასი. ის ღირს იმდენი, რამდენიც მიღწევით გამოწვეული კმაყოფილება; ის ღირს კარგი საქმის სასიკეთო შედეგის მიღების სიხარული.. ის ღირს მომავალი პროფესიონალების ზრდის სიამაყე… მაგრამ მგონი უნდა დასრულდეს – არც ქვეყანას, არც რიგით ორგანიზაციებს არ უღირთ სისტემა შეცვალონ უმცირესობისთვის. ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც უყვართ თანამშრომელი, რომელიც თავისუფალია პირადისგან – მაგ. ქვეყანა ვერ იტანს ორსულებს, ან პოტენციურ ორსულებს. ორსულობა კიდევ რა, ქვეყანა ვერ იტანს შშმ ბავშვების მშობლებს – დედებს განსაკუთრებით, უფრო მეტიც – არ სცნობს მათ, ისინი მისთვის არ არსებობენ..
მე ვარ დედა შშმ ბავშვისა, დედა, რომელმაც ახლახან კვლევის საიმედო შედეგი გაიგო, მაგრამ სიხარული ვერ იგრძნო.
ბლოგი მომზადებულია “მოძრაობა ცვლილებებისთვის” წევრი მშობლის, მაია შიშნიაშვილის მიერ.
წყაროmovement4changes.wordpress.com

No comments:

Post a Comment