ერთხელ დავწერე ბლოგი. მეორეჯერ ვცადე, მაგრამ ვერ დავამთავრე. მგონია, რომ არავის დააინტერესებს. ახლა კიდევ წამოვიწყე. ისევ გამიჩნდა განცდა, რომ ვიღაცას შეიძლება გამოადგეს. ძნელია გაკვალვა, გატკეპნილ გზაზე სიარული კი მარტივია. ჰოდა, რატომ არ გავკვალო? მით უმეტეს თუ „გაკვალვა“ ამ შემთხვევაში, მხოლოდ აღწერას გულისხმობს იმისას, რასაც ვაკეთებთ, როგორც ვცხოვრობთ მე და ჩემი ბიჭო. ჰო, ეხლა ბიჭოს ვეძახი, გაიზარდა. ადრე - ბაჭუას. ადრე უფრო პატარა იყო, მაგრამ ბაჭიას ვერ ვაკადრებდი, ისეთი გულადი ხასიათი ჰქონდა ყოველთვის, თითქმის დაბადებიდან. ჩემი ბიჭო განსაკუთრებული ბავშვია,
ასე ეძახიან უმეტეს შემთხვევაში დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მისნაირებს. ჩვენთან უფრო შშმ ბავშვად მოიხსენიებენ. ჩემთვის კი სახელებს, ტერმინებს მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ისაა, რომ მას ერთ-ერთი იშვიათი სინდრომი აქვს, რომელიც არ აძლევს საშუალებას ტიპიურ ბავშვთა ფართო ჯგუფში მოხვდეს.
მოკლედ, იმისი თქმა მინდოდა, რომ ლევანჩო დღეს, ანუ 15 სექტემბერს სკოლაში წავიდა. არა, პირველი წელი არაა. მეორე წელია. და მეორეც კი არა. მესამე წელია. პირველ წელს სულ რამოდენიმეჯერ მივედით პირველ სემესტრში. არადა სკოლა სახლთან ახლოს შევარჩიეთ. „ინკლუზიური“. 5 წუთიც ვერ გაჩერდა გაკვეთილზე. მერე ფსიქოლოგის კაბინეტში ჩაბრძანდა. თბილი ქალი იყო. ოღონდ ძალიან ნერვიულობდა იმაზე, რომ სათამაშოებით თამაში უნდოდა ლევანჩოს და ამ თამაშში, რომელიმე სათამაშო შემოეფათერაკებოდა. არა, არ დაუმტვრევია, უბრალოდ შეფუთული გახსნა და ძირს დაყარა. ერთი კი მართლა დააზიანასავით.
პირველ წელს მცდელობა იმით დამთავრდა, რომ შევთანხმდით, გაკვეთილზე შესულიყო ბოლოსკენ, მერე 5 წუთი მჯდარიყო გაკვეთილზე ბავშვებთან ერთად, მერე 15 წუთი შესვენებაზე ერბინა (უფრო ესეირნა) დერეფანში სხვა ბავშვებთან ერთად (ეს ძალიან მაგრად გამოსდიოდა, განსაკუთრებით კი უფროსკლასელებთან ერთად), მერე ისევ შესულიყო შემდეგ გაკვეთილზე კიდევ 5 წუთი. ბოლოს როცა მობეზრდებოდა ბებოს წამოეყვანა სახლში.
ეს გეგმა კი დავსახეთ, მაგრამ მივხვდი, რომ დღეში 25 წუთიანი აქტივობა ბავშვისთვის ბევრი არაფრის მომცემი იყო. ანუ, ორი ვარიანტი მქონდა იმისთვის, რომ დანარჩენი დღისთვის აზრი მიმეცა:
მომეძებნა კერძო პრაქტიკის ფსიქოლოგი, რომელიც პრაქტიკულად იმ საქმეს შეასრულებდა, რასაც „წესიერ“ ქვეყნებში ე.წ. სპეციალური აღმზრდელი ასრულებს - ანუ ეზრუნა ლევანჩოს განვითარებაზე, რთული ქცევების მართვაზე ოჯახთან ერთად დღის დარჩენილ ნაწილში;
დავლოდებოდი, როდესაც ლევანჩო პირველ და მეორე გაკვეთილებს შორის თავის სოციალურ ურთიერთობებს დაალაგებდა თანატოლებთან სკოლაში და მერე წამეყვანა სპეციალურ დღის ცენტრში ქალაქის მეორე ბოლოს და ამის შემდეგ მივბრუნებულიყავი სამსახურში.
ამ ორი არჩევანიდან მეორე ვამჯობინე, რადგან პირველი არჩევანი ძვირად მიღირდა, (მიღირდა არა, ობიექტურად ძვირი გამოდიოდა). მეორეც ძვირადღირებული იყო, თუ ყოველდღე დავგეგმავდი ასე მუშაობას ბავშვთან. ამიტომ კვირაში ორი დღე შევარჩიეთ. (ვინც არ იცის, იმათთვის - ორივე ძვირი ღირდა იმასთან შედარებით, რა რუტინაც ჰქონდა ლევანჩოს მანამდე: დილით, მოდიოდა დღის ცენტრის ტრანსპორტი, აჰყავდა ლევანი სხვა ბავშვებთან ერთად და მიყავდა დღის ცენტრში. საღამოს კი აბრუნებდა უკან სახლში. ეს ყველაფერი კი სახელმწიფო პროგრამით ფინანსდებოდა და ფინანსდება ჯერჯერობით - შესანიშნავი დახმარებაა ჩვენისთანა ოჯახისთვის!).
საბოლოოდ, იცით რა მოხდა? დრო ვერ გამოვნახე! როცა მოვიცალე, ლევანჩო ავად გახდა, ხოლო როცა ჯანმრთელად იყო, ხან რა გამოჩნდა სამსახურში სასწრაფო და გადაუდებელი, ხან - რა. ჰოდა, ვერ გავენთავისუფლე. თავად არ მითხოვია, დაგვიანების უფლება მოეცათ. მოკლედ: პირველი სემესტრი ასე გავატარეთ, სულ რამოდენიმე დღე ვიარეთ, და მეორე სემესტრში თითქოს იმ ორი დღისთვის უკეთ მოვემზადე, დავგეგმე „ცხოვრება“ და უცებ, სკოლიდან შეტყობინებაა მივიღე - თურმე, პირველ სემესტრში ისე ცოტა დღეები უვლია ბიჭოს, რომ შეფასებას ვერ მიიღებდა და სანამ კლასში ჩარჩება თუ გარიცხავენ (წესიერად ვერ გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ მოვინდომე), ჯობდა მე თვითონ დამეწერა განცხადება და გამეყვანა სკოლიდან. აღვშფოთდი, ვიკამათე დირექტორთან და დამრიგებელთან, რომ დროულად არ შემატყობინეს, ამ რისკების შესახებ (არადა დღემდე დარწმუნებული არ ვარ, იმაში რაც მითხრეს). მათ აქეთ დამდეს ბრალი, დედა როგორ ვერ მიხვდა, ბავშვი რომ სკოლაში არ დაყავს წესიერად, შესაძლოა სკოლიდან გარიცხულიყოო - მაგრამ რას ნიშნავს შეფასების არ ქონის გამოო??? აი ეს ვერ გავიგე და მომკალით! ლევანის სკოლაში სიარულის მიზანი ხომ სოციალური ურთიერთობის შეძენა იყო? ამისთვის, ხომ რამოდენიმე დღეც შეიძლება ყოფილიყო საკმარისი ასე თუ გავყვებოდით?
დავანებოთ ამას თავი. მივხვდი, რომ არც კი დაუშვეს, რომ დედას შეიძლება დამხმარე არ ჰყოლოდა (ემოციურს არ ვგულისხმობ, უფრო ფინანსურზე ვსაუბრობ) და, შესაბამისად, ბავშვს მზრუნველი („ოჯახში ფულის შემომტანი“?) დედის გარდა. ამიტომ, მას (ანუ მე) პრაქტიკულად პერმანენტულად უწევდა დღეში მინიმუმ 10-12 საათი მუშაობა. ასეთი დედისთვის, სკოლაში გასეირნება იმის გასაგებად, სკოლიდან გარიცხვა ხომ არ ემუქრებოდა მის ბავშვს, როცა ბავშვის სასიკეთოდ ვერ ახერხებდა იქ მისვლას, ცოტა დამცინავად/სასტიკად ჟღერდა..
ასეა თუ ისე, წამოვედით. ის საოცარი ნეტ-ბუკ „ბუკიც“ უკან მიგვაბრუნებინეს J (ნეტა მერე სად წაიღეს? ვის მისცეს? მომავალ წელს ისინი აღარ დაურიგებიათ.. პრინციპში ლევანჩო მაინც ვერ იყენებდა) ...
შემდეგ წელს მივედით ახალ სკოლაში. ისევ პირველ კლასში. ეს ისტორიაც ნამდვილი საოცრება იყო. ამ ისტორიას მერე მოგვიყვებით. ერთს გეტყვით, რომ არა ჩემი ერთ-ერთი ნაცნობ-მეგობარი და ჩემი შვილის ფანი (თვითონ ამბობს J ), და მისი ნაცნობი ჩინოსანის ჩართვა საქმეში, ლამის პირველი სემესტრის მიწურულს ვერ მივიღებდით წერილს (ლამის 3-4 თვის დაგვიანებით) მისი სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე და ალბათ გარეთ დავრჩებოდით.
ჰოდა მივიდა ბიჭო შარშან. სკოლა არა „ინკლუზიური“, არამედ ისეთი შევარჩიეთ, რომელსაც ინტეგრირებული კლასი ჰქონდა. ცოტა გაუჭირდა ერთ ოთახში გაჩერება. სპეც. მასწავლებლების რესურსიც საკითხავი იყო: თითქოს ჰყავდათ და არც ჰყავდათ. ასე როგორ შეიძლება? - შეიძლება, შეიძლება! ამაზეც მერე...
კარგი ისაა, რომ დირექტორი, რომელიც სულ ახალი მოსული აღმოჩნდა, ძალიან გულისხმიერი გამოდგა. მეორე სემესტრიდან ორი მასწავლებელი აიყვანა ინტეგრირებულ კლასში სამუშაოდ. ჰოდა მეორე სემესტრიდან კვირაში ორჯერ სიარული დაიწყო ბიჭომ, საათი ან ცოტა მეტი ჩერდებოდა. შეგუებას ვცდილობდით. ასე ჯანჯალ-ჯანჯალით დავასრულეთ პირველი წელი.
აი ახლა კი პირველად, პირველ დღესვე მივიდა ლევანჩო სკოლაში. თან დილიდან, თან სასწავლო დღის ბოლომდე გაჩერდა (თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა? დედას ისევ არ ეცალა სამსახურში ფრიად მნიშვნელოვანი საქმეების გამო და შესავენებამდე ვერ გამოვიდა). მაგრამ, ყველაზე სასიხარულო რა იყო იცით? რომ მივედი საოცრად ხალისიანი დამხვდა! არა ძალაგამოლეული, გადაღლილი, ძილმორეული, არამედ ბედნიერი, ლაღი. მივედი სტუმრად, და დამხვდა მასპინძელი, თავის გარემოში მყოფი ბიჭო! არადა მეგონა, რომ პირველი კვირა, ისევ თითო საათი უნდა მეტარებინა შეგუების მიზნით. თურმე სულაც არა! პირიქით, ბავშვს მძაფრად, საშინლად, კატასტროფულად აკლდა ტიპიური ბავშვების ჯანსაღი გარემოცვა. ის გარემოცვა, სადაც თვითონაც ჩვეულებრივი ხდება! უფრო სწორედ, ის ჩვეულებრივია, ან უფრო მეტად ჩვეულებრივი, ვიდრე განსხვავებული. ან ჩვეულებრივი და ჩვენ განსხვავებულად აღვიქვამთ, ან იარლიყს ვაკერებთ. მოკლედ, როგორც არის. მთავარი ისაა, რომ დამანახა და მეც დავინახე, ეხლა უკვე ლევანჩოს ადგილი სკოლაშია სხვა ბავშვებთან ერთად!
აქ დავასრულებ, ასე უცებ, თითქოს ბოლომოგლეჯილად, დღის მთავარი და საოცრად სასიამოვნო ემოცია რომ არ გავანელო. მიწაზე უფრო მძიმედ გავლა კი მერეც გვეყოფა... J
მაია შიშნიაშვილი
No comments:
Post a Comment