ყველაფერი თებერვლის ერთ ყინვიან დღეს დაიწყო.
ლევანი გაჩნდა. მახსოვს, სიხარულისგან ხან
ვტიროდი, ხანაც ვიცინოდი, როდესაც ახალნამშობიარები შორიახლო ტოლმასავით გახვეულ ჩემს შვილს ვუყურებდი.
დრო გავიდა. დღეები. პირველი ჯანმრთელობის პრობლემა
აღმოაჩნდა პატარას. მერე მეორე. შემდეგ კიდევ... ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი შვილი,
ალბათ, ძალიან ჭკვიანი ვერ იქნება, ვერც საშუალო... გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ
ბოლომდე ვერ გავაცნობიერე შეფარული სათქმელი.
ამერიკაში წასვლა მომიწია, სწავლის გამო. იქ ჩასული
ლევანჩოს განვითარება შეაფასეს - აღმოჩნდა, მას განვითარების მძიმე შეფერხება
ჰქონდა!!! ამას უკვე არ ველოდი! თითქმის გავნადგურდი, მაგრამ არა... იმ ქვეყანაში
ვიყავი, სადაც მისთვის ბევრის გაკეთება შემეძლო. ასევე მქონდა საშუალება კარგად
შემესწავლა შეზღუდული შესაძლებლობების საკითხი. თან მკაცრად გადავწყვიტე, რომ
დაბრუნებისას ჩემს წილ აგურს დავდებდი.
საქართველოში რომ დავბრუნდით, ლევანი სამი წლის
გახდა. მე კი სამინისტროში დავიწყე მუშაობა. კარგად შევისწავლე ჩვენს ქვეყანაში
არსებული მდგომარეობა: რა მომსახურებები არსებობდა, რა - არა. ამასობაში, ლევანის
კვლევის შედეგები მივიღე ამერიკიდან - ანგელმანის სინდრომის დიაგნოზი. კიდევ ერთი
დარტყმა!!! რა ვქნა??????! რა შემიძლია გავაკეთო???! ეშველება რამე? არაო - მთელი
ცხოვრება დახმარება დასჭირდებაო არსებობისათვის. ანუ, რა გავაკეთო????!! რა
მოხდება, მე რომ ვეღარ დავეხმარები????!
თანამოაზრეები ვიპოვნე, ყველა ვთანხმდებით, რომ
ზრდასრული შშმ პირებისთვის ინსტიტუციების (პანსიონატები, თავშესაფრები...)
საუკეთესო ალტერნატივა საოჯახო ტიპის საცხოვრებელია. აქ არის შეუდარებლად უკეთესი
პირობები მათი თვითრეალიზაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. გადაწყეტილება მივიღეთ, არ
ვილოდოთ და ჩვენ თვითონ დავიწყოთ ამ მომსახურების განვითარება - დაუყოვნებლივ,
დღესვე. ასე დავაფუძნეთ ორგანიზაცია „ხელი ხელს“, რომლის მიზანიც შშმ პირებისთვის
ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მათი საზოგადოებაში ჩართვისა და
დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და უფლებების დაცვა არის.
პირველი მაცხოვრებლები 2011 წლის დეკემბერში
მივიღეთ ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ გამოისობით. ნაწილი ქუთაისის, ნაწილი
კი დუშეთის პანსიონიდან. იქ მთელი საქართველოდან იყვნენ თავმოყრილი შშმ პირები.
უმეტესობა პატარაობიდან იზრდებოდა ბავშვთა სახლებში და ოჯახური სიმყუდროვე, სითბო,
ზრუნვა არასოდეს უგრძვნია.
დღეს ორგანიზაციაში უკვე 13 მაცხოვრებელი გვყავს სამ ოჯახად
განთავსებული. ოჯახებში თითო-თითო დამხმარე ჰყავთ, რომლებიც მათ ეხმარება და
ასწავლის საჭმლის კეთებას, საკუთარი თავის უკეთ მოვლას, ფულის განკარგვას, მიწაზე
მუშაობას, მოსავლის მოწევას და ასე შემდეგ. ჩვენ მათ სამუშაოს მოძებნაშიც
ვეხმარებით; სახლის გარეთ ურთიერთობების შექმნაში... ეს ყველაფერი კი მათი სურვილებისა და
ინტერესების გათვალისწინებით ხდება.
საოცარია ის ცვლილება, რომელსაც ჩვენი სახლების
მაცხოვრებლებში ვამჩნევ. როგორც ჩანს, მათი ინტერესების საფუძველზე, მათი
სურვილების გათვალისწინებით ჩვენმა ზრუნვამ, ნდობამ, სახლში შექმნილმა სიმყუდროვემ
შედეგი გამოიღო - თითოეულ მათგანში თავდაჯერებულობამ იმატა, საქმიანმა
ინიციატივებმაც, პასუხისმგებლობის გრძნობაც გაიზარდა საკუთარ თავის და ოჯახის სხვა
წევრების მიმართ. გარდა ამისა, ვუყურებ და ვგრძნობ გაცილებით მეტ შინაგან
სიმშვიდეს, დაცულობის განცდას; ღირსების
შეგრძნებას ვხედავ მათში! ეს უკვე ის არის, რისი მიღწევაც მინდოდა!
ცოტა დავმშვიდდი. მე ვერ ვცვლი ჩემი შვილის
ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ ვცვლი გარემოს, რომ მისთვის და უამრავი სხვა
ადამიანისთვის მოსახერხებელი გახდეს ცხოვრება. ალბათ, მიმდევრებიც
გამოჩნდებიან....
მივცეთ ხელი ხელს და ერთად შევცვალოთ სამყარო
მაია შიშნიაშვილი
No comments:
Post a Comment