Thursday, July 7, 2016

საუკეთესო დღე შვეიცარიაში



გუშინ, ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე მქონდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი მცირე სახლები მოვინახულე. პრინციპები იგივე გვაქვს, რაც „ხელი ხელს“ სახლებშია: მოსარგებლეების (შშმ პირების) გაძლიერება, თვითგამორკვევის ხელშეწყობა, დამოუკიდებლობის მიღწევაში დახმარება, არჩევანების შესაძლებლობები... თუმცა, განსხვავებებიც არსებობს. აქ 20 წლის წინ დაიწყეს. თავდაპირველად 12 ადამიანი ყოფილა ერთ სივრცეში. დრომ აჩვენა ცვლილების საჭიროება - მაქსიმალური რაოდენობა 7-მდე შემცირდა, მაგრამ დღეს ფიქრობენ, რომ ესეც ბევრია ეფექტურობისა და მეტი სიმყუდროვისთვის. "ხელი ხელს" ჯერ 5 წლის ხდება და ჩვ ენს საოჯახო სახლებში 5-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ყველა მცხოვრები საოჯახო საქმიანობაშია ჩართული. მომსახურების მოთხოვნაა, რომ ისინი სამუშაოთიც იყვნენ დაკავებული, კონკრეტულად კი სამუშაო დღის 50% სამსახურს  მიუძღვნან, 50% კი - სახლში ფუსფუსს. მომსახურე პერსონალი თითოეული მათგანის საჭიროებებს აფასებს. შემდეგ კი ამ საჭიროებებს პასუხობენ. აკეთებენ იმას რაც მცხოვრებლებს ესაჭიროება, და არა იმას, გარედან ვინ, რას და როგორ ჩათვლის საჭიროდ

ყველაზე მეტად თვალი მომტაცა და გული დამწყვიტა იმან, თუ როგორაა ადაპტირებული გარემო ფიზიკური მობილობის შესაძლებლობების მისაცემად. რამდენიმე სურათიც გადავიღე. იმედია ოდესმე ასეთი შესაძლებლობი საქართველოშიც გვექნება და შესაბამისად, ფიზიკური მდგომარეობა, სერვისის მისაწოდებლად, ჩვენთვის გადაულახავი ბარიერი აღარ გახდება.

ეს კი რამდენიმე სურათია ერთ-ერთი სახლიდან. სამწუხაროდ ნებართვის აღება ვერ მოვასწარი იქაური მცხოვრებლებისგან, ამიტომ ერთობლივ სურათს ვერ ვდებ. სამაგიეროდ ჯონს და მარტინს გაგაცნობთ. ჯონი სოციალური პედაგოგია. თვალებში ვარსკვლავები უციმციმებს, როცა ინკლუზიის მნიშვნელობაზე, საზოგადოებაში ცხოვრების უფლებებზე ვსაუბრობთ. მარტინი მოთოკილი ემოციით გვეთანხმება. მოკლედ, ერთ მხარეს ვართ.




და ბოლოს ერთი ქალაქის რამდენიმე სურათი. ასეთი სტუმრობებისას, რამდენიმე წუთს ქალაქის დასათვალიერებლად და გულისცემის მოსასმენად ყოველთვის „ვიპარავ“...













შვეიცარია, ბაზელი 2016 წ. 7 ივლისი
მაია შიშნიაშვილი, „ხელი ხელს“ დამფუძნებელი






No comments:

Post a Comment