Thursday, December 10, 2015

კითხვები და პასუხები



თავისუფალი ჟურნალისტის გვანცა დოლუაშვილის ინტერვიუ ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია "ხელი ხელს" დამფუძნებელ მაია შიშნიაშვილთან


ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვისთვის რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საზოგადოებასთან კომუნიკაცია? 

ამ კითხვაზე შემიძლია კითხვითვე გიპასუხოთ - რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს „ჩვეულებრივი“, არაფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობა? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენი ჯანმრთელი ბავშვი საზოგადოებისგან იზოლირებული? სცადეთ და წარმოიდგინეთ შედეგები, რომელიც ადამიანურ ურთიერთობების დეფიციტს შეიძლება მოჰყვეს თქვენი შვილისთვის...  თითოეული ჩვენგანისთვის მიუხედავად ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობისა, საზოგადოებასთან, ადამანებთან ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს ვიმეგობროთ, გვიყვარდეს, ვმუშაობდეთ, ვაკეთებდეთ საყვარელ საქმეს, ვისწავლოთ, საქმედ ვაქციოთ ჩვენი ოცნებები. ამის გარეშე რა არის ადამიანად ყოფნა? და თუ ეს კომუნიკაცია არაა და იზოლირებულია ადამიანი, მაშინ ჩემი წარმოდგენით, ადამიანად ყოფნაც მთავრდება.  შეიძლება იყოს გამონაკლისი - ავადმყოფობების, მათ შორის ფსიქიკური დაავადების გამწვავების დროს, როდესაც ადამიანს ინტენსიური სამედიცინო მკურნალობა ესაჭიროება.  ამ დროს ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანი ხდება ან სახლის, ან ჰოსპიტალის პირობებში ვიმკურნალოთ ან სრულ გამოჯანრთელებამდე ან ავადმყოფობის მიძინებამდე.

რა როლი აკისრია საზოგადოებას მისი ინტერგრაციის კუთხით და რით შეიძლება, ავხსნათ მშობლების გადაწყვეტილება, ბავშვის კიდევ იზოლირების შესახებ? 

საზოგადოების როლი გადამწყვეტია - მას შეუძლია იყოს მეგობრული, მხარდამჭერი, მზრუნველი, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე. მისცეს ამოუწურავი შესაძლებლობებისა და განვითარების შესაძლებლობა თითოეულ ჩვენგანს და მათ შორის და განსაკუთრებით, ფსიქიკური აშლილობების მქონე ბავშვს თუ ზრდასრულს; და პირიქით, შესაძლოა კედელი აღმართოს, უკუაგდოს, შეუზღუდოს შესაძლებლობები, არ მისცეს იმ ადამიანური საჭიროებების (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ - მეგობრობის, სწავლის, სიყვარულის, საქმიანობის...) დაკმაყოფილების საშუალება ადამიანს, რომელიც მისთვის სასიცოცხლოა. ამას საზოგადოება ხშირად განსხვავებულობის შიშის გამო აკეთებს, ანდა არსებული არასწორი წარმოდგენების, მითებისა და დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო. ამიტომ საზოგადოება ხდება დამსჯელი ამ ადამიანის მიმართ. სწორედ დამსჯელი, სხვა არაფერი ჰქვია იმას, როდესაც განსხვავებულს არ იღებს და უკუაგდებს, არ აძლევს საშუალებას მისი წილი სიკეთეებით და უფლებებით ისარგებლოს. ეს ძალიან დიდი სტრესია და ხშირად გადაულახავი თითოეული ჩვენგანისთვის, ვისაც განსხვავებული შვილები გვყავს. ზოგი ამ ზეწოლას ვერ უძლებს. ძალიან რთულია მშობლისთვის ერთდროულად შვილის საჭიროებებზე - სამედიცინო, სოციალურ, ზრდა-განვითარება და განათლება და ა.შ. იზრუნოს სოციუმის მხირდან პასიური თუ აქტიური წინააღმდეგობების პირობებში. 
მშობლის მხარდამჭერად ასეთ შემთხვევაში, სათემო, ანუ ისეთი სერვისები უნდა გახდნენ, რომელიც შვილის სოციუმში სრულფასოვან ყოფნას შეუწყობს ხელს. მაგალითად - ჩემთვის ასეთია, ინკლუზიური განათლების გამართული სისტემის არსებობა; სკოლის მეგობრული სოციუმი; განსაკუთრებულ შემთხვევაში, სპეციალიზებული დღის ცენტრები; ასევე გამართული სამედიცინო არაჰოსპიტალური მომსახურება; ოჯახში დახმარების ან შინ მოვლის სერვისი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მშობელს აღარ მოუწევს გატყდეს და არც შვილს მოუწევს იზოლირებულ გარემოში გაზრდა. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო აღრმავებს და აუცხოვებს მას საზოგადოებისაგან  

თქვენ რას მიიჩნევთ ჯანსაღ დამოკიდებულებად?

ჯანსაღია დამოკიდებულება, როდესაც სოციუმი და მისი შემადგენელი თითოეული ადამიანი ან უმეტესობა მაინც აღიარებს, რომ ეს ქვეყანა და მისი სიკეთეები, მხოლოდ „ჯანმრთელთათვის“ არ შეუქმნია ღმერთს. ფსიქიკური აშლილობებისა თუ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ისევე აქვს საზოგადოებაში ყოფნის უფლება, როგორც ნებისმიერ სხვას. ჯანსაღია დამოკიდებულება - თუ ფსიქიკური თუ სხვა პრობლემის მქონე ბავშვს „მიიღებს“ მისი შვილის გვერდით სკოლაში, ქუჩაში, დასასვენებელ ადგილებში და არათუ მიიღებს, არამედ, ხელსაც შეუწყობს აქტიურად, მაგალითად, მიიწვევს სტუმრად დაბადების დღეებზე, ექსკურსიებზე და სხვა ყველა იმ სოციალურ არაფორმალურ ღონისძიებებზეც სადაც ხდება ურთიერთობების შექმნა და გაძლიერება. ჯანსაღია სოციუმის დამოკიდებულება, როდესაც საჭირო სერვისების განვითარების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შეუწყობს ხელს და არ შეაწუხებს განათლების სამინისტროს ზარებით, რომ მისი ჯანმრთელი შვილისთვის არაა სასარგებლო სხვის განსხვავებულ შვილთან ყოფნა. ასეთი ნეგატიური მაგალითები ბევრია. საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოება იცვლება უკეთესობისკენ, ძლიერდება მშობლებიც, რომლებიც შვილის უფლებებისთვის იბრძვიან. თუმცა, ეს ძალიან ნელი ტემპით ხდება.

No comments:

Post a Comment