Tuesday, July 23, 2013

"რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?"

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შშმ, შშმპ, ინვალიდი, კონვენცია, სოციალური ინკლუზია, ხელი ხელს, ხელიხელს, ცნობიერების ამაღლება, კამპანია, Disability, awareness, hand in hand, disabled, invalid, social, inclusion, organisation, ორგანიზაცია,


არის დღეები, რომლებსაც სახელი შეიძლება დაარქვა... ზოგიერთ მათგანს, თავისი, გამორჩეული გემოც აქვს... იშვიათად კი, სულ სხვანაირი, განსაკუთრებული დღეც მოაქვს ცხოვრებას... აი, დღევანდელი დღის მსგავსი, რაღაცნაირი, ყველაფერ დადებითით სავსე, ერთდროულად ნათელიც, თბილიც და გემრიელიც... 
პოლიტიკითა და სხვის ცხოვრებაში კირკიტით აჭრელებულ facebook-ზე ორიოდე დღის წინ განსხვავებულ, ჩემთვის საინტერესო განცხადებას წავაწყდი

, კვირას, 21 ივლისს, ორგანიზაცია „ხელი ხელს“ გურჯაანში, თავის სახლსა და სახელოსნოში სტუმრობას სთავაზობდა მოხალისეებს... წასვლის სურვილი გამოვთქვი და კვირას, 14:00-ზე თბილისის ხვატსა და ხმაურს მოწყვეტილი გურჯაანში, მყუდრო სახლის მეორე სართულზე, სახელოსნოში ვიჯექი და ერთ-ერთი ბენეფიციარის, თამარის დახმარებით ბისერებისგან სამაჯურს ვაკეთებდი. დამწყებისთვის, შესაძლოა, ცუდი არ გამომივიდა მაგრამ, დამიჯერეთ, თამარის, ირინას და სხვათა უამრავი საოცარი, ნაირფერი ნამუშევრის ფონზე, ჩემი გაკეთებული სამაჯური, არაფრად ვარგოდა... 
სახელოსნოში მუშაობის შემდეგ პირველ სართულზე გადმოვინაცვლე და სხვა ბენეფიციარებთან საუბრით ვიჯერე გული... ყველა მათგანს თავისი, განსაკუთრებული ისტორია აქვს, თუმცა ყველაზე მეტად გენადი დამამახსოვრდა, როგორც ძალიან კარგი მოსაუბრე და ასევე, ძალიან კარგი მომღერალი...
რემარკი წერდა - „რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?“ - ვფიქრობდი საღამოს, თბილისისკენ მომავალი... მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი მაიას წყალობით, გურჯაანის სახლის მაცხოვრებლებს არაფერი აკლიათ, ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ თავი „შინ“ იგრძნონ, ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა თუ ყველა ჩვენგანი, პერიოდულად არ დავიზარებდით და სითბოს, ყურადღებას, სიყვარულს გავუნაწილებდით  იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებამ ჩვენსავით არ გაანებივრა, ვისთვისაც ერთი წვეთი სითბო ზღვასავით დიდი, უკიდეგანო სითბოს ტოლფასია.


ნათია კაკაბაძე
21 ივლისი, 2013 წელი

1 comment:

  1. საოცრად თბილი პოსტია. მადლობა ნათია

    ReplyDelete